პოლიტიკიდან კვლავ ჰოლივუდში
11:00:10     21-03-2011
დიდი პოლიტიკიდან კინოში დაბრუნების შემდეგ, არნოლდ შვარცნეგერისათვის პირველი კინოპროექტი, შესაძლოა, “True lies” გაგრძელება გახდეს. ამის შესახებ “MovieWeb” – ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ტომ არნოლდმა განაცხადა.
“ჩვენ, ორივე გავეცანით სცენარს, რომლის ავტორებიც ჯეიმს კემერონი და ჯეფ ისტინი არიან. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სცენარი ბრწყინვალეა. სამწუხაროდ, ჯიმს არ შეუძლია ფილმის რეჟისორი იყოს, მაგრამ მზადაა პროდიუსერობისათვის. არნოლდი მოხიბლულია, მეც” – აღნიშნა მსახიობმა.
შვარცნეგერის გეგმების შესახებ ინფორმაციები, ბოლო ხანს აქტიურად ვრცელდება. როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ჰოლივუდში დაბრუნებულმა ყოფილმა პოლიტიკოსმა, რეჟისორებისაგან სხვადასხვა წინადადებები და შემოთავაზებები მიიღო და, სავარაუდოდ, ამის შემდეგ, მაყურებელი არნოლდს, თავის ჩვეულ ამპლუაში უფრო ხშირად იხილავს.