“უფალმაც ხომ გამოძერწა ადამიანი?!” - ინტერვიუ მოქანდაკე თორნიკე გაბედავასთან

  14:39:53     05-07-2015

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი 22 წლის თორნიკე გაბედავაა. თორნიკე მხატვარი და მოქანდაკეა. ამბობს, რომ თავი ხელოვნების მხოლოდ ამ სფეროში წარმოუდგენია, მაგრამ ძერწვასთან ერთად ლექსებს წერს და მღერის კიდეც. თორნიკეს უკეთ გასაცნობად მის ინტერვიუს გთავაზობთ.

-    თორნიკე, პროფესიული განათლება თუ გაქვთ?

-    მერვე კლასში ვიყავი, როდესაც გარდაბნის ილია მართლის სახელობის გიმნაზიიდან გადავედი თბილისის N15 საჯარო სკოლაში და პარალელურად დავიწყე მოსწავლე-ახალგაზრდობის (პიონერთა სასახლე) ცენტრში სიარული ძერწვისა (მასწ:თინიკო კრაწაშვილი, ირაკლი რევაზიშვილი) და ხატვის (მასწ:ტატა ბაქრაძე) წრეზე. მე-9, მე-10 და მე-11 კლასი დავხურე თბილისის N114 საჯარო სკოლაში. მე-12 კლასიდან გადავედი და წარმატებით დავამთავრე სწავლა "თამაზ გოთუას სახელობის სამხატვრო აკადემიასთან არსებული უმაღლესი სამხატვრო სკოლა აკადემია"-ში. სკოლის ბოლო წლებში , ხატვაში ვემზადებოდი ორ დიდებულ ხელოვანთან : ბატონ თამაზ გიორგობიანსა და გეტმან თოფურიასთან. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. სრული დაფინანსებით მოვხვდი ქანდაკების ფაკულტეტზე (პედ: მამუკა ჩხაიძე, ლევან მუზაშვილი, გურამ გიგაური, ნოდარ როსტიაშვილი.). ამჟამად , ვხურავ მეოთხე კურსს და ვმუშაობ სადიპლომო ნაშრომზე.

-    რით მოგხიბლათ ქანდაკებებზე მუშაობამ?

-    ძალიან ბევრი ფაქტორია.  ერთი იმიტომ, რომ ურთულესია დაძალიან საინტერესო. მეორე ისაა, რომ ხელოვნების ამ სფეროს საქართველოში ღირსეული სკოლა აქვს. ამას გარდა, ქანდაკება უკვდავებას ემსახურება და თანაც პირველი ხელოვნებაა -  თავად უფალმაც ხომ გამოძერწა ადამიანი?!  
უბრალოდ, სხვაგან ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი.


-    რა ფიგურებს ქმნით, ძირითადად? რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

-    ნებისმიერ ქანდაკებას ნახავთ ჩემს სახელოსნოში. ასე გამორჩეული არაფერი მაქვს. ექსპერიმენტებიც მიყვარს...  შთაგონების წყარო ყველაფერი შეიძლება გახდეს, ნებისმიერი ემოცია... რამე რომ დავხატო  ძალიან უნდა მილხინდეს, ძალიან უნდა მიჭირდეს ან არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყო.  როცა ვაქანდაკებ ან ლექსს ვწერ, მაშინ საჭიროა, ვიყო აბსოლუტურად ფხიზელი , მშვიდი და კონცენტრირებული . მუსიკასაც კი იშვიათად ვუსმენ.

-    მუშაობას რა დროს უთმობთ? გამოფენა თუ გქონიათ?

-    შეიძლება ორი თვე ვიმუშაო გადაბმულად და შემდეგ რამდენიმე თვე ჩავარდნა მქონდეს. ამჯერად მთელ დღეებს სახელოსნოში ვატარებ, რადგან სადიპლომო ნაშრომზე ვმუშაობ და დროც ცოტა მაქვს.
ბევრი გამოფენა მქონდა. სიგელები და დიპლომებიც მაქვს, მაგრამ დიდად აღარ მიზიდავს. ჯერ არ არის ირგვლივ აუდიტორია ისეთი,  ვისაც შეიძლება ანახო შენი ნამუშევრები და უკან ჯანსაღი კრიტიკა დაგიბრუნოს.

-    თქვენ გრაფიკაზეც მუშაობთ...

-    დიახ. გრაფიკაზე სიამოვნებით ვმუშაობ.  ძალიან მეხმარება. ვფიქრობ, მოქანდაკეს ნამდვილად სჭირდება გრაფიკის ცოდნა. სხვათაშორის, მოქანდაკეები გრაფიკაში ყოველთვის ძლიერები იყვნენ. მათ საუკეთესოდ ამოჰყავთ ფორმა და მოცულობა.