ბათუმში ახალგაზრდა გოგონა დაჭრეს - ეჭვმიტანილს ეძებენ

  17:16:10     04-07-2015

ბათუმში, 6 მაისის პარკთან, 20 წლამდე ასაკის გოგონა დაჭრეს.

თვითმხილველების მონაყოლით, გოგონა პარკში გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი და სისხლისგან იცლებოდა.  "დავინახე, რომ ძირს იყო დავარდნილი და სისხლისგან იცლებოდა. ჩემი ძმაკაცი და თანამშრომლები მიეხმარნენ. მეტი არაფერი დამინახავს. დაჭრილი იყო გულ-მკერდის არეში. მერე სასწრაფო მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განაცხადა ერთ–ერთმა თვითმხილველმა.

თავდასხმის მომენტში, გოგონას სიახლოვეს იყვნენ ძმა და მამა, თუმცა გოგონა მეგობარ ბიჭთან მათგან შორიახლოს საუბრობდა.

როგორც შს სამინისტრო იუწყება, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. ადგილობრივების განცხადებით, გოგონა, სავარაუდოდ, მისმა მეგობარმა ბიჭმა დაჭრა.