აჭარელი პოეტის ლექსები ოთხ ენაზე ითარგმნება - ინტერვიუ 15 წლის ნიკოლოზ ფუტკარაძესთან

  09:27:51     04-07-2015

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი ლიტერატურული კონკურსების : "ზღვაურის",  "სიკეთის ხის" , "მომავალი ვარსკვლავის"  გრამპრებისა და ოქროს მედლების მფლობელია. ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ კონკურსებისა, სადაც ახალგაზრდა პოეტმა, ნიკოლოზ ფუტკარაძემ, გამარჯვება მოიპოვა. იგი სამი კრებულის ავტორია და მეოთხე წიგნის გამოცემაზე მუშაობს.

- გაგვეცანი, ნიკოლოზ.

- აჭარიდან ვარ, კერძოდ, შუახევიდან. 15 წლის. ვსწავლობ ქალაქ ბათუმის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში. თავისუფალ დროს ვკითხულობ, ვწერ ლექსებს და ვცდილობ , საინტერესო რამეების მოფიქრებას.

- წერა როდის დაიწყე?

- 8 წლის ვიყავი, როცა ლექსი დავწერე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე. დედამ მიმიყვანა პოეტ ბელა ქებურიასთან, სასახლის ნორჩ შემოქმედთა კლუბში. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები. შემდეგ გავწევრიანდი ლიტკლუბში,რომელსაც ხელმძღვანელობენ ბათუმელი პოეტები - გენრი დოლიძე და გიორგი გაბაიძე. მათთან ურთიერთობამ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ჩემს ლიტერატურულ განვითარებაში.

- როგორც ვიცი, გქონდა შეხვედრა პატრიარქთან..

- დიახ. 2010 წელს ვიყავი უწმინდესთან სტუმრად. ვახლდი აფხაზ ქალთა დელეგაციას. სწორედ მაშინ წავუკითხე უწმინდესს ლექსი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო წუთები... შემდეგ კიდევ მქონდა შეხვედრები უწმინდესთან და მისი კურთხევით გამოიცემა ჩემი ახალი კრებული.

- კრებულზე გვიამბე. რამდენი ლექსი შევა და თუ გაიყიდება?

- ჯერ არ ვიცი რამდენი ლექსი შევა, მაგრამ ლექსები იქნება თარგმნილი ინგლისურ, რუსულ, თურქულ და ბერძნულ ენებზე. გაიყიდება, რა თქმა უნდა და დიდი ალბათობით, საზღვარგარეთაც. წიგნი მოიხატება აფსტარქციზმით.

- ეს შენი პირველი კრებული იქნება?

- არა, სამი კრებულის ავტორი ვარ. პირველი 2009 წელს გამოვიდა, „მზე გამინათებს მწვანე ბილიკებს”. მეორე 2013 წელს - „წვეთავს ნატვრებიდან პოეზია“. მესამე 2014 წელს - „ჩირუხის ყვავილები“. ამ წიგნების რედაქტორი ბელა ქებურია გახლავთ და შემდეგი წიგნის რედაქტორიც ქალბატონი ბელა იქნება.

- რა არის შენი შემოქმედების ლაიტმოტივი?

- სამშობლო.

- ცოტა ხნის წინ, საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოიტანეს. შენ იყავი ერთ-ერთი მეჩირაღდნე, როგორი შეგრძნება იყო?

- როცა დედას დაურეკეს და აცნეს ჩემი მეჩირაღდნეობის შესახებ, ძალიან გახარებულები ვიყავით. რა თქმა უნდა , დავთანხმდი და სპეციალური ფორმაც შემიკერეს. მეოთხე მეჩირაღდნე გახლდით, უნდა მერბინა აეროპორტის ტერიტორიაზე, სხვა ოცდაერთ მეჩირაღდნესთან ერთად. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და უდიდეს სიხარულთან ერთად, ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რადგან ოლიმპიური ცეცხლის ჩამობრძანება საქართველოში პირველად მოხდა და ეს იყო განსაკუთრებული დღე ჩვენი ქვეყნისთვის.

 ამინდია ცბიერი, ჯიუტი და უშნო...
მზის სხივებმა დაიწყეს მწველ ხელების სრესა,
გრძნობა ბევრი ეცადა კალამს სისხლი უშროს,
პირველ სიყვარულივით მიუსაჯოს სევდა.
გუშინ ფიქრში მეგონა, თითქოს დემონს ვბარდები,
რადგან სული შევხსენი ამ უაზრო სხეულს,
ცაზე უკვე დაშლილან ღრუბლის დემონსტრანტები
და ელიან დიქტატორს - გიჟს და გადარეულს.
ყველამ კარგად იცოდა... მაინც უნდა დაიქცეს...
მოთმინების ფიალა ქცეულია ყანწად,
მსმელთა სია შესწორდეს, ისევ ისე და იქცეს,
მკვდრების სიად - პოემის სიდიდეს რომ გასცდა.
კუს რად უნდა თავიო, ბაქნის ჯანი ეყოფა...
ამგვარ ფიქრში ჩამსხდარან მაღლა მჯდომი ძმები,
შიშად ქცეულ, დანგრეულ, უსაყდრისო ეპოქას...
როგორაც ოშკს სულს აცლის უღმერთოთა ძვრები.
ან მე და შენ რა გვინდა, ჩემო სიტყვის მტევანო,
როდი გამოგიჩნდება ჯარისკაცის მამა,
მოდი, ფესვი მოვსჭიდოთ, მოგვატყუეს - მზე ვარო!
დატოვებულს მივხედოთ, ღირს ჭიდილი ამად...
გეშინოდეთ! რამეთუ, ღმერთი ხედავს თქვენს სულებს,
ლოცვით შემოიმატეთ გადარჩენის იმედი...
და მივმართავ, დანგრეულ სამშობლოდან წასულებს,
მოგვისწარით, სანამდე გოლგოთამდე მივედით.
მოდი, სითბო ვაჩვენოთ "ვეფხისტყავის" - ამ ენის,
შევაფხიზლოთ ოცნებით გამომთვრალი ხალხი,
უკვე ჟამი დამდგარა კვლავ ილიას გაჩენის,
ხოლო მერე ჩვეულად, შუბლში ტყვიის დახლის!...