სკანდალი: რა უთხრა „პრესა.ჯი“-ს პოლიციელების მიერ ნაცემი ფილიპე ბაბაიანის დედამ?
17:48:48     03-07-2015
ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მიერ გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს როგორ უსწორდება პოლიცია ეთნიკურად მოქალაქეებს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ვიდეო-გადაღება ერთ-ერთმა ბრალდებულმა მაჯის საათში ჩამონტაჟებული ვიდეომოწყობილებით შეძლო.
როგორც ცნობილია, მანამდე ფილიპე ბაბაიანს და არტურ ოგანეზიანს სამართალდამცველები ღამის კლუბში გაუსწორდნენ, სადაც დაკავებულების ახლობლების განცხადებით, მათ შელაპარაკება პოლიციის ერთ–ერთ მაღალჩინოსანთან მოუვიდათ. შემდეგ მათი ცემა უკვე ძველი თბილისის განყოფილებაში გაგრძელდა.
მომხდარ ფაქტზე ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს შს სამინისტრო. გომელაურის უწყებას გავრცელებულ კადრებზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ერთ-ერთი დაკავებულის, ფილიპე ბაბაიანის დედა მარგარიტა ბაბაიანი „პრესა.ჯი“-სთან ამბობს, რომ მისი შვილი მძიმე ავადმყოფია და ეჭვობს, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პოლიციელთა ძალადობა კიდევ უფრო დაამძიმებდა.
მარგარიტა ბაბაიანი: ჩემს შვილს მეოთხე სტადიის კიბო აქვს, იმდენად იყო ნაცემი რომ სახე თითქმის არ უჩანდა. ჩემი უპირველესი მოთხოვნაა მოხდეს იმ პოლიციელების დაუყოვნებლივ გამოვლენა, რომლებმაც ბიჭებს სცემეს და დაისაჯონ სათანადოდ.
- რა მოხდა 5 აპირილის ღამეს კლუბში?
- კლუბში იყვნენ წასულები, როგორც ჩემი შვილი ყვება, „ნაინში“, სადღაც 20 წუთის მისული იყო, როცა ხელების დასაბანად გავიდა ტუალეტში, ვიღაც პიროვნება იდგა იქ და დაიწყო ძახილი საქართველოს გაუმარჯოსო, ბავშვებს არაფერი უთქვამთ.
ჩემს შვილს ჰკითხა ხო ასეაო და მანაც უპასუხა კი, ასეაო. არა, მხოლოდ ქართველებს გაუმარჯოთ საქართველოშიო. ჩემმა შვილმა კი უპასუხა, კი გაუმარჯოს საქართველოში ქართველებს და ყველა ერს ვინც ცხოვრობს დედამიწაზეო.
ალბათ მას ეს არ მოეწონა და ბავშვს როცა გასვლა უნდოდა, გააჩერა და ჰკითხა სადაური ხარო. მანაც უპასუხა, რომ თბილისელი ვარო. შემდეგ უკითხავს, რა რჯულის ხარო, სომეხი ვარო და როგორ მეზიზღებითო უთქვამს და სომხების მისამართით გინება დაუწყია.
რა თქმა უნდა, ბავშვმა ხელი მოიქნია, შემდეგ ამ პიროვნებამ მოწმობა ამოიღო და უთხრა, შენ არ იცი ვის გადაეყარეო. ციხეში ამოგალპობო. იყო სიტყვიერი დაპირისპირება, გავიდა მენეჯერიც და როგორც მომიყვნენ, ეს პროვოკატორი მიაბრძანეს კლუბიდან.
ბავშვები მაგიდას დაუბრუნდნენ. 5 წუთის შემდეგ მათთან დაცვა მივიდა და უთხრა, რომ უნდა ასულიყვნენ ზევით. როცა ბავშვი ადიოდა და კარი გაიღო მან დაინახა რომ ეს პროვოკატორი გარეთ იდგა სხვა პოლიციელებთან ერთად. ჩემმა ვაჟმა კი თქვა, რომ ამ პროვოკატორმა ისინი ასე ვთქვათ დააბეზღა. მან კი დაუძახა ჩემ შვილს. ბავშვმა უთხრა რაღაც გაუგებრობა მოხდა ჩვენში და ასეთები ხდება ხოლმეო.
მან უცენზუროდ უპასუხა. ვერ ხედავ აქ პოლიციელები რომ ვდგავართო. ამ დროს ჩემს ვაჟს ვიღაცამ უკნიდან ჩაარტყა, შემდეგ კი გვერდში ჩაარტყეს და გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც ერთი საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ ბავშვებს.
- თქვენი შვილის დაკავების შესახებ საიდან გაიგეთ?
- პოლიციას არც კი გავუფრთხილებივართ, დაკავების შესახებ უცნობმა პირმა მითხრა. კარზე დამიკაკუნეს, ვერ ვიცანი ვინ იყო, სიბნელე იყო და მითხრეს პოლიციის პირველ განყოფილებაში წაიყვანეს თქვენი შვილიო.
თავდაპირველად წავედით იმ კლუბში, ვიკითხეთ რა მოხდა-თქო, მათ გვითხრეს რომ გაუგებრობაოს ჰქონდა ადგილიო და წავედით განყოფილებაში, იქ ვიღაც ძალიან ყვიროდა და ვთქვი რომ ეს ჩემი შვილი ყვირის-თქო, არ არის შენი შვილიო. ვიღაც ავიდა ზევით და ორ წამში ხმა აღარ ისმოდა.
იმ დღეს როცა მივედით, 6 საათამდე პოლიციის შენობაში ვიყავი, ბავშვი ვნახე ნაცემი, გაშავებული, გაწითლებული, ძალიან იყო ნაცემი. ვითხოვდი იმ ნაძირალას ნახვას და დაკავებას, მაგრამ ვერავითარი პასუხი ვერ მივიღე.
- ვინ და როგორ გადაიღო ის ვიდეო, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა?
- ვიდეო გადაიღო ჩემმა შვილმა. მას ჰქონდა საათი, რომელშიც იყო ვიდეო მოწყობილობა, რომ ნახა რაღაც პრობლემა იყო, ჩართო და გადაღება დაიწყო.
- წინასწარი დაკავების იზოლატორში ხომ არ ხორციელდება ზეწოლა, რას ამბობს თქვენი შვილი, ბოლოს როდის ესაუბრეთ?
- 5 აპრილის შემდეგ მხოლოდ სასამართლოებზე ვნახულობ. ამბობს რომ ძალადობას იზოლატორში ადგილი არ აქვს, იძახის, რომ უმიზეზოდ დააკავეს. ამიტომ ვითხოვთ იმ პოლიციელის დაკავებას, ვისთანაც კლუბში ჩხუბი მოუვიდა. ჩვენი მოთხოვნაა ასევე გამოავლინონ ის პოლიციელები, ვინც ფილიპესა და არტურს ასე საშინლად გაუსწორდნენ.
აღსანიშნავი რომ პროკურატურამ ფილიპე ბაბაიანის განცხადების საფუძველზე გამოძიება უკვე დაიწყო.
"2015 წლის 3 ივლისს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
2015 წლის 3 ივლისს, ქ.თბილისის პროკურატურაში მიღებული იქნა ფილიპე ბაბაიანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 4 აპრილს, შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ქ.თბილისში, ევროპის მოედანზე არსებულ ღამის კლუბ „ნაინი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფილიპ ბაბაიანს და მის მეგობარ არტურ ოგანეზოვს, რაც გაგრძელდა მათი ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გადაყვანის შემდგომაც. აღნიშნულის შედეგად ფილიპ ბაბაიანმა და არტურ ოგანეზოვმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.
გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო ჯგუფის მიერ დაიგეგმა და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.