გერმანული ავია-გამანადგურებლები უფასოდ

  10:57:19     21-03-2011

გერმანიის ხელისუფლებამ ხორვატიას 20 ავია-გამანადგურებელი “McDonnell Douglas F-4F Phantom II” შესთავაზა. ამის შესახებ “ასოშეითედ პრესი” იუწყება.

 

თუ ხორვატია წინადადებას მიიღებს, თვითმფრინავები უფასოდ გადაეცემა და ძველი, საბჭოთა წარმოების “МиГ-21” – ების ჩანაცვლებას შეძლებს, რომელთა ჩამოწერა 2012 წლის ბოლოს იგეგმება. თუმცა, გერმანული ავია-გამანადგურებლებიც არ არის ახალი. ისინი 2013 წელს გახდება ჩამოსაწერი.

 

როგორც ირკვევა, ეს ავია-გამანადგურებლები, გერმანიის შეიარაღებაში 1973 წლიდანაა. მათ, მოდერნიზაციის რამდენიმე პროგრამა გაიარეს.

 

გასულ წელს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ხორვატია “მიგების” მოდერნიზაციას გეგმავს, რომელიც მის შეიარაღებულ ძალებს უკვე 30 წელია აქვს. ამისათვის რუსებიც მიიწვიეს, რომლებიც იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს თვითმფრინავები მოდერნიზებას არ ექვემდებარებიან, ან ეს პროცესი ძალიან დიდი თანხა დაჯდება.

 

ხორვატია ავია-გამანადგურებლების ინდოეთისაგან შესყიდვასაც ფიქრობდა. ამჟამად კი, მიიღებს თუ არა გერმანიის წინადადებას, ჯერჯერობით, უცნობია.