„პოლიციელებმა ჩემი 75 წლის ძმა სასტიკად სცემეს“ - რა მოხდა ჩხოროწყუში?

  11:19:52     03-07-2015

ჩხოროწყუში 75 წლის რეზო ჩიქოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როცა დაშავებული თანხმლებ პირებთან ერთად ვახშმობდა.

ოჯახის ინფორმაციით, ინციდენტში 7 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ საპატრულო და ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

„ეს პირველი შემთხვევა არაა, ჩემ ძმას უკვე მეორედ გაუსწორდნენ, თუმცა ორი თვის წინ ამ ფაქტის გახმაურება არ ვისურვეთ. ჩხოროწყუს ცენტრში ისხდნენ, როცა ერთ-ერთმა დარეკა, რეზო აქ არისო, რის შემდეგაც რესტორანთან მოცვივდნენ ორი მანქანით, მათ შორის იყო მერაბ ჩიქოვანი, მას თან შვილი და დისშვილი ახლდა, ისინი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ამ ადამიანებმა ჩემი ძმა ძირს დააგდეს და უმოწყალოდ სცემეს“,- აცხადებს დაშავებულის ძმა კუკური ჩიქოვანი.

დაშავებული მოქალაქის რძალი ფატიმა შონია, პოლიციელებისთვის ალკოტესტის ჩატარებას მოითხოვს.

„ეს ადამიანები ძალიან იყვნენ მთვრალები, უმოწყალოდ სცემეს ხანში შესული მამაკაცი, მოვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას და ინცინდენტში მონაწეილე პირების დასჯას“,- აღნიშნა შონიამ.

ფატიმა შონია: ჩემი მამამთილი თანმხლებ პირებთან ერთად სვავდა ლუდს, მეორე მაგიდასთან კი პოლიციის თანამშრომლები ისხდნენ, რომლებმაც დაურეკეს იმ პირს ვინც მოგვიანებით სცემა ჩემი მამამთილი.

15-20 წუთში მოვიდნენ ორი მანქანით, გადმოცვივდნენ და ეგრევე სცემეს 75 წლი მამაკაცი, თან იმ დონეზე რომ 24 საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო. ექიმები კი გვეუბნებიან, რომ მდგომარეობა სტაბილურია და აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, თუმცა კაცს სახე აქვს მთლიანად დაბეჟილი.

- ვინ მონაწილეობდა თქვენი მამამთილის ცემის ფაქტში?

- ჩენთვის ცნობილია რამოდენიმე მათგანის გვარი ესენი არიან: მერაბ ჩიქოვანი, მუშაობს საგადასახადო სისტემაში. ცემაში მონაწილეობდა დათა დარსალია, რომელიც ჩხოროწყუს პოლიციაში მუშაობს. მეტსაც გეტყვით, მას შემდეგ რაც მოსახლეობამ სასერაფო გამოიძახადახმარება ვიღაცამ შუა გზიდან მოაბრუნა, ჩვენი ვარაუდით ეს პოლიციის ნამოქმედარია.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოკვლევა დაიწყო.

„მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა ყველა დეტალი, მათ შორის ინცინდენტში პოლიციელთა შესაძლო მონაწილეობის ფაქტი“,- განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს გომელაურის უწყებაში.

„პრესა.ჯი“ ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილებას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იციან.

„მიმართეთ პრესცენტრს. ჩვენთან თქვენს მიერ ხსენებული პირები არ მუშაობენ“,- აღნიშნა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომლემა ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც „პრესა.ჯი“-ს ჩიქოვანის მკურნალმა ექიმმა თამარ თოდუამ განუცხადა, პაციენტს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

„მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ის კონტაქტურია, შემოყვანისას თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. გადის მკურნალობას ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. თავის მიდამოში ესკორაციები აღენიშნება“,- განაცხადა  ექიმმა.