„დავიღალეთ ერთმანეთისგან. მე და ჩემი ლექსები“ - ინტერვიუ ლია ლიქოკელთან

  20:21:08     29-06-2015

„ლია არც ისე გოგოურია ამ ყველაფრის იქით. საერთოდაც არ ვიცი, როგორია. დედაჩემს ვეკითხები ხოლმე, იმან იცის, მაგრამ არ მეუბნება. მე არ მეუბნება. ხან ვფიქრობ, იქნებ ვინმე მივუგზავნო. ან იქნებ ასე ჯობია - არ ვიცოდე, როგორი ვარ, და ვიკვლიო ჩემი თავი.“ - ამბობს  „წერო 2014-ისა“ და „საბა 2014-ის“ (საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი) გამარჯვებული, ლია ლიქოკელი. გამორჩეული , ექსპრესიული და საოცრად ლამაზი ლექსების ავტორი, ჩვენი დღევანდელი რესპოდენტია.

-    თქვენს შესახებ გვიამბეთ. საიდან ხართ, რას საქმიანობთ?

-    მე ვარ ადამიანი საკუთარი თავიდან. ეს საკუთარი თავი კი ხევსურეთში გამოცხვა , ხევსურული ხმიადივით, ერთ პატარა, მთაზე შეფენილ სოფელში.

სიმარტოვისა ვარ. სიმარტოვე იყო იქ ყველაზე მეტი. მდინარის, ხეების ხმები. ზვავის ჩამოწოლის, თუ თვითონ თოვის ხმა. ეს ყველაფერი თითქოს ჩემში ლაპარაკობდა, გარეთ კი არა. ასე მივეჩვიე: რაც ჩემში ლაპარაკობს, ის არის ჩემთვის ნამდვილი. სხვა ყველაფერი თითქოს უბრალოდ არ არსებობს. ყველაფერი ის, რაც ჩემში ვერ შემოვა.

და ჩემი საქმიანობაც ეს არის- ვუსმენ ჩემს თავს და დანარჩენ სამყაროს, რომლის გაგებაც შემიძლია, და მერე ვყვები. ეს არის ჩემი პროფესია - მთხრობელი.

-    როგორია ბარში , კონკრეტულად კი,  ქალაქში ცხოვრება მთაში გაზრდილი გოგოსთვის?

-    თავიდან ძალიან გამიჭირდა. ჩემი სახლის გარეშე მიჭირდა, კონკრეტული ადამიანებისგან შორს ყოფნა. სხვა არაფერი - ჩემი წილი მთა თან დამაქვს, სადაც არ უნდა წავიდე. ქალაქშიც ჩემი თავი ვარ და სოფელშიც. დიდად არ მეხება ის, რაც გარშემო ხდება.

-    ბავშვობის მოგონებები რამდენად გახსენებთ თავს და რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

-    ბოლო დროს ხშირად მახსენდება. იქნებ ვბერდები და ამიტომ. ბავშვობა მარადიული დროა. არ მთავრდება. სულ მაქვს შეგრძნება, რომ სადღაც ისე არსებობს ჩემი ბავშვობა, როგორც მარადიული სოფელი, სადაც არავინ კვდება. სადაც არაფერი მთავრდება. რამდენიმე ბილიკი მაქვს, ჩემი, საკუთარი, იქ დასაბრუნებლად. მივდივარ ხოლმე.

ისე, ცუდი მეხსიერება მაქვს. კონკრეტულ ამბებს ძნელად ვიმახსოვრებ. უფრო შეგრძნებები. აი ის მენატრება, ჩემს სახლში რომ ყველა ცოცხალი იყო. ეზოში რომ გამოვიდოდი ღამე, და ზურგსუკან სავსე, ჩამყუდროვებული სახლი იდგა, ბებიაჩემის ოთახის ფანჯრიდან სინათლე მობჟუტავდა - იჯდა ბებია და წინდებს ქსოვდა ლამფის შუქზე. მთელი ზამთრები.

ახლა ცოცხალი აღარ არის ბებიაჩემი. და ყველაზე მეტად ეგ მენატრება - ჩემი ადამიანების ცოცხლადყოფნა.

-    ვინ აღმოაჩინა ლია, როგორც პოეტი, მწერალი ქალი?

-    ცოტა მიდებ-მოდება ამბავია. წაღმა-უკუღმა აღმოჩენილი ვარ, ასე ვთქვათ. რამდენჯერმე აღმოჩენილი. მთავარი მარიამ წიკლაური იყო, მიპოვა და ისე დაიძახა ჩემზე, ვისაც უნდოდა და არ უნდოდა, სულ ძალით აპოვნინა ჩემი თავი.

-    როგორია ლია , როცა ზის და წერს?

-    შეპყრობილივით არის. ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს რაღაცას ღრღნის და კბილები ემტვრევა. საერთოდ, ლია იშვიათად ზის წერის დროს, ძირითადად აქეთ-იქით დაძრწის. და ვერ იტანს, როცა რამე ყურადღებას უფანტავს.

-    რამდენად ხშირი და მძაფრია წერის სურვილი?

-    ხან როგორ, ხან როგორ. ზოგჯერ ისეა, მოვარდება და გახრჩობს, სხვა არაფერი შეგიძლია, მარტო ეს გინდა. ხან რაღაც გაბმული სევდაა, გღრღნის, ვერც ხვდები, რა გჭირს, გგონია ავად ხარ. წუწუნებ, ყველაფერი გძულს, აღარაფერი გინდა. ამ დროს დედაჩემი მეუბნება ხოლმე, ახლა რაღაც გაქვს დასაწერიო. მართალია ხოლმე. დავწერ მერე და მომეშვება - რომელიღაც დასაწერი ამბავი მკლავდა თურმე.

-    როგორ გაჩნდა თქვენი პირველი კრებულის "დევის ცოლის სიცილის" შექმნის იდეა და რა მოგიტანათ ამ წიგნმა?

-    წიგნი ჩემი ბრალი არ იყო. არც ვიცოდი, მინდოდა თუ არა. აქაც მარიამი დამეხმარა. ქეჩოში წამავლო ხელი, მე კი ძალიან მიყვარს, როცა ვინმე ჩემ მაგიერ იღებს გადაწყვეტილებას (იმიტომ მიყვარს, რომ პასუხისმგებლობა ავირიდო. ვერ ვიტან პასუხისგებას).

საჭიროა წიგნი - ლექსები უნდა დააბინავო, თორემ მაწანწალები ხდებიან. ვეღარ გაიგებ მერე, რა გზას დაადგებიან. შეიძლება აღარასოდეს დაბრუნდნენ სახლში, თუ თავშესაფარს არ აუშენებ. ანუ, ადამიანურ ენაზე თუ ვიტყვი, უბრალოდ მავიწყდებიან ხოლმე. იმ პერიოდის ლექსები, რაც წიგნში არ მოხვდა, უბრალოდ აღარ არსებობენ.  

-     შემდეგ იყო ორი დიდი წარმატება თქვენს ცხოვრებაში - "წერო" და "საბა". რა შეიცვალა?

-    შეიცვალა ჩემი მკითხველის რაოდენობა. ახლა მეტმა ადამიანმა იცის, რომ ვარსებობ. უფრო მეტ ადამიანს ვუყვარვარ, ვიდრე ადრე, და უფრო მეტს ვძულვარ, ვიდრე ადრე ვძულდი.

-    თქვენ მაინც ძალიან მალე მოახერხეთ  დადებითი ფონის შექმნა. როგორ ფიქრობთ, რატომ მიგიღოთ საზოგადოებამ ასე თბილად?   

-    თავს ვიმშვიდებ ხოლმე, რომ ეს ჩემი გულწრფელობის გამო მოხდა. რაღაცნაირად, ჩერჩეტი ბავშვივით პირდაპირ ვწერ ხოლმე ყველაფერს, რის თქმაც მინდა. ყველასთვის გასაგებია და მარტივი. ვწერ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია სხვებისთვისაც. ანუ ვწერ ისე, როგორც ადამიანი ჩემი, როგორც ადამიანის ამბებს და სხვები, როგორც ადამიანები, საკუთარ ადამიანადყოფნასაც პოულობენ ჩემს ტექსტებში.

მგონი ასეა, რა ვიცი.

-    "გოგოური" ლექსებით გამოირჩევით. "გოგოური" ფიქრებითა და მწუხარებით.. როგორია ლია სოციალურ ქსელსა და ლექსებს მიღმა, ლია, რომელსაც მკითხველი არ იცნობს?

-    ლია არც ისე გოგოურია ამ ყველაფრის იქით. საერთოდაც არ ვიცი, როგორია. დედაჩემს ვეკითხები ხოლმე, იმან იცის, მაგრამ არ მეუბნება. მე არ მეუბნება. ხან ვფიქრობ, იქნებ ვინმე მივუგზავნო. ან იქნებ ასე ჯობია - არ ვიცოდე, როგორი ვარ, და ვიკვლიო ჩემი თავი. ეს არის წერაც ჩემთვს - საკუთარი თავის კვლევა, როგორც კონკრეტულის, და როგორც სამყაროს ნაწილის.

-    ახლო მომავალში, ხომ არ გეგმავთ მეორე კრებულის გამოშვებას?

-    ვფიქრობ. სამწუხაროდ, ახლა არავინ მეხმარება. არავინ მეუბნება, რომ საჭიროა, და წიგნი უნდა გავაკეთო. ვერავის ვერ დავაბრალებ, იმან დამაძალაო. სულ ჩემი ბრალი იქნება და მეშინია. არ ვიცი, მჭირდება? ან ამ ბოლოს მოგროვებულ ლექსებს სჭირდებათ? ისე, ჩვენ დავიღალეთ ერთმანეთისგან. მე და ჩემი ლექსები. იქნებ კარგიც იყოს, ავდგე და ვუთხრა: აჰა თქვენ წიგნი, შედით, იცხოვრეთ, და მე თავი დამანებეთ.