11 წარმატებული შეხვედრა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში

  19:05:11     26-06-2015

24-25 ივნისს ბრიუსელმა ნატოს თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა. ალიანსის შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელიც ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართა. 

გაფართოებულ სხდომაზე თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრი ქვეყნის, აქტიური ჩართულობა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგულება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

მინისტერიალის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელმა ორმხრივი შეხვედრების ფორმატში 11 წარმატებული შეხვედრა გამართა. მათ შორის, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ასისტენტთან ელისა სლოტკინთან, ასევე შვედ, ჰოლანდიელ, ნორვეგიელ, თურქ, ბრიტანელ, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის და მონტენეგროელ კოლეგებთან. 

შეხვედრებზე აქცენტი მომავალ წელს ნატოს ვარშავაშის სამიტის სავარაუდო შედეგებსა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაზე გაკეთდა. აღინიშნა, რომ საქართველო ნატოს წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას წარმატებით ასრულებს და ალიანსთან თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელება მომავალ სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება იქნება.