იაპონიაში კინოჩვენებები გადაიდო
11:06:55     19-03-2011
ჰოლივუდმა, იაპონიაში, რიგი ამერიკული კინოფილმების დებიუტი გაურკვეველი დროით გადადო. იდეის ავტორების აზრით, ამ ფილმების ჩვენება ამომავალი მზის ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობის ფონზე, შეუსაბამოა.
კინოსტუდია “უორნერ ბრაზერსმა,” ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში მიიღო კლინტ ისტვუდის კინოსურათის ჩვენების გაუქმების გადაწყვეტილება. ფილმში მოქმედება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მომხდარი ცუნამის ფონზე იწყება. გადაიდო ასევე ფილმ “რიტუალის” პრემიერაც, რომლის მიხედვითაც მღვრდელი ადამიანებიდან ეშმაკის განდევნას ცდილობს.
“უორნერ ბრაზერს” უკვე “სონი ფიქჩერზმაც” აუბა მხარი და 1 აპრილისთვის დადეგმილი ჩვენება, სადაც უცხოპლანეტელების ამერიკულ მეგაპოლისზე თავდასხმაა აღწერილი, გააუქმა. მოტივად დასახელდა ის, რომ იაპონელმა მაყურებელმა, ფილმის ნახვისას, შესაძლოა, საკუთარ მდგომარეობასთან უსიამოვნო პარალელები გაავლოს.
ჰოლივუდში აღიარებენ, რომ ქვეყნის მოსახლეობას ახლა კინოთი გართობისთვის არ სცალია. მაგალითად, ერთერთი პოპულარული საბავშვო-სათავგადასავლო ფილმის რეიტინგი (რომელმაც ტრაგედიამდე კინოდარბაზებში 19 მილიონი მაყურებელი შეკრიბა), უკანასკნელ პერიოდში, 66 პროცენტით დაეცა.