სასწრაფოდ: 41 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს - ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის

  17:01:53     23-06-2015

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტში 41 წლის მალხაზ ანდრიაძე სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს.

შემთხვევა 20 ივნისს, სოფელ კავთისხევში მოხდა. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, მიყენებული ჭრილობის შედეგად გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს შიდა ქართლიდან აცნობეს, დაჭრას წინ  ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მალხაზ ანდრიაძე თბილისში, დიღმის მასივიში, მეხუთე კვარტალში (მეოთხე კორპუსი ბინა 16)  ცხოვრობდა.

მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გარდაცვლილი გუშინვე გადაასვენეს მეუღლის კუთვნილ ბინაში დიდუბეში, კერესელიძის ქუჩაზე.

„პრესა.ჯი“ მომხდარის შესახებ შს სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახრში განგვიცხადეს, რომ ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

სისხლის სამართლის საქმე 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლით აღიძრა, თუმცა მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით  უნდა გადაკვალიფიცირდეს.

„ვადასტურებთ კავთისხევში მომხდარ მკვლელობას. გამოძიებისთვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია. შესაბამისად, მისი დაკავების ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს“,- უთხრეს „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში.