“გაგიჟებულ ფიქრს, ოქროს სიტყვით ხიბლავს მალარმე”
15:13:08     18-03-2011
1842 წლის 18 მარტს, პარიზში დაიბადა ცნობილი ფრანგი პოეტი სტეფან მალარმე.
სტეფან მალარმე 1862 წლიდან ჩაება საფრანგეთის ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1866 წელს მისი 10 ლექსი გამოქვეყნდა კრებულში, რომელსაც “თანამედროვე პარნასი” ერქვა. იმდროიდელი ლექსებიდან ლიტერატურათმცოდნეების მიერ აღინიშნება: "გაზაფხულის მობრუნება" (1862 წელი), "ფანჯრები" (1863 წელი), "ლაჟვარდი", "სევდა", "ყვავილები" (სამივე 1864 წელი), "წმინდანი" (1865 წელი), ეკლოგა (“ეკლოგა” - ასახავს ყოფითს სცენებს მწყემსთა, მიწის მუშაკთა ცხოვრებიდან”) "ფავნუსის ნაშუადღევის დასვენება" (1865 წელი, გამოქვეყნდა უფრო გვიან. საფუძვლად დაედო კლოდ დებიუსის სიმფონიურ პრელუდიას), დრამატული პოემა "ჰეროდიადა" (1867–1869 წლები), "მოწყალება" (1862 წელი, საბოლოო ვარიანტი 1887 წელი) და სხვ. პოეტის იმ პერიოდის შემოქმედებაში შეიმჩნეოდა დეკადანტიზმის გავლენა, იმპრესიონიზმი, არსებული სინამდვილისადმი შეურიგებლობა, ფორმალიზმი, ასევე სინტაქსისადმი “გულგრილი” დამოკიდებულება.
ფორმალიზმი მის შემდეგდროინდელ ნაწაარმოებსაც გაჰყვა. მისი პოეზია მხოლოდ გამორჩეულთათვის, განსაკუთრებულთათვისაა მისაწვდენი. 19701980-იანი წლების მალარმეს ლექსებიდან აღსანიშნავია: "პროზა დეზესენტისათვის" (1885), "გედი" (1885), "ლექსები შემთხვევისათვის" (1880–1898; გამოქვეყნდა 1920), სონეტების ტრიპტიქი (1887) და სხვ. ამ ლექსებში ხშირად დარღვეულია გრამატიკული ნორმები, უარყოფილია პუნქტუაცია. აქცენტები კეთდება ლირიკული გმირის ფსიქოლოგიურ და სულიერ მდგომარეობაზე.
სტეფან მალარმე აქვეყნებდა სალიტერატურო თეორეტიკულ სტატიებსაც. მის სტატიებში "ლიტერატურის განვითარების თაობაზე" (1891 წელი) "ლექსების კრიზისი" (1895 წელი) "კონფლიქტი" (1895 წელი), "პოეზიის საიდუმლოება" (1896 წელი), ჩანს, რომ მისი შემოქმედება იცვლება.
სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო რეალიზმისა და ნატურალიზმის მობეზრების, მიუღებლობისა და უარყოფისა დასავლურ სამყაროს შემოქმედებაში. ის პოზიტივიზმისგან სრულია განსხვავებული მოვლენაა. სიმბოლოზმისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახეების სიმბოლოებით შეცვლა, ირეალური წარმოსახვითი სახე-ხატები, ზრუნვა სიტყვაზე და მუსიკალურობაზე. სიმბოლიზმი გაურბოდა რეალობას და სამაგიეროდ ძალიან ლირიკული პოეზია მოგვცა. სიმბოლიზმი იშვა XIX საუკუნის დასასრულს საფრანგეთში. საფრანგეთში მისი წარმომადგენლები იყვნენ შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე და სხვა. როგორც მიაჩნიათ ლიტერატურის მკვლევარებს, თავიდან სიმბოლისტური მოძრაობა შარლ ბოდლერის კრებულში “ბოროტების ყვავულები” გამოვლინდა. სიმბოლიზმის ესთეტიკა, განსაკუთრებით, განავითარეს სტეფან მალარმემ და პოლ ვერლანმა 1860-70-იან წლებში.
სტეფან მალარმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა სიმბოლისტური პოეზიის ისტორიაში. მალარმე პარიზში ხელმძღვანელობდა სიმბოლისტებისა და იმპრესიონისტების, პოეტებისა და მხატვრების ჯგუფს. მისი აზრით, პოეზია კი არ გვიჩვენებს, არამედ შთაგვაგონებს. მან დიდი გავლენა იქონია ნაცნობებზე, თანამედროვეებზე და შემდგომი თაობის სიმბოლისტებზე. "სამყარო იმისთვის არსებობს, რომ წიგნში იქნეს შეტანილი" - წერდა სტეფან მალარმე. სიმბოლისტებისათვის, ერთგვარად, დამახასიათებელია მანიფესტური გამოხატვა პრინციპებისა, ესთეტიკისა და სხვა. მათმა მანიფესტებმა მწერალთა მთელი თაობის ყურადღება მიიპყრო მსოფლიოში.
სიმბოლისტები იყვნენ: ბელგიაში - ემილ ვერჰარნი, მორის მეტერლინკი. გერმანიაში - გერჰარტ ჰაუპტმანი, შტეფან გეორგე; ინგლისში - ოსკარ უაილდი, ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი, ავსტრიაში - რაინერ მარია რილკე; რუსეთში - ალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე ბალმონტი, ვალერი ბრიუსოვი და სხვა.
სიმბოლიზმი ქართულ პოეზიაშიც გამოვლინდა და ძალიან ძლიერად. ეს, ერთგვარად, ჩვენი ხალხის წარმოსახვითი აზროვნების სიმდიდრის, ლირიზმისა და ასევე, ალბათ, სოციალ-პოლიტიკური და ეროვნული მდგომარეობით იყო გამოწვეული.
სტეფან მალარმე დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში, უკვე XX საუკუნის დასაწყისიდან. გალაკტიონი აღტაცებული იყო მისით. მისით აღფრთოვანებული იყვნენ ჩვენი “ცისფერყანწელები”, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო, ტიციანი და სხვები. ტიციანი თავის ლექსში “ავტოპორტრეტი” მალარმეს აღტაცებით იხსენიებს: “ვფურცლავ მალარმეს „Divagations“-ს”. ტიციანი წერდა, ევროპული ფუტურიზმი მალარმეს საქემს აგრძელებსო... აღფრთოვანებით მოიხსენიებს მალარმეს პაოლო იაშვილი: “გაგიჟებულ ფიქრს ოქროს სიტყვით ხიბლავს მალარმე” (სონეტი) და სხვა.
საქართველოში საუკუნის დასაწყისიში, და მერეც, მალარმეს ლექსებს თარგმნიდნენ შალვა აფხაიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე, ანა კალანდაძე და სხვები. 1919 წელს ქუთაისში "მეოცნებე ნიამორებში" გამოქვეყნდა მალარმეს ლექსები და პროზაული ნაწარმოებები (სანდრო ცირეკიძის ნათარგმნი).
სტეფან მალარმე გარდაიცვალა 1898 წლის 9 სექტემბერს, პარიზში, სულ 56 წლისა.
ზაფხულის სევდა
მზეო, მთვლემარე მორკინალო, ოქრო მაგ თმების
სილაზე ათბობს აბაზანას მხუთავს და დამდაგს,
რომელიც შთანთქავს მთელ საკმეველს შენი ღაწვების
და ცრემლებს ურევს სიყვარულის უტკბილეს ბადაგს.
თეთრი გიზგიზი მინელების ისე ჩუმია,
შენ გეუბნება (ო, ამბორნო მკრთომარევ შიშით)
“ჩვენ არ ვიქნებით არასოდეს მხოლოდ მუმია
არც პალმათა ქვეშ და არც ქვეშე უდაბნოს ქვიშის”,
მაგრამ მაგ თმათა სასიამო თბილ მდინარეში
სული მდევარი იძირება თრთოლის გარეშე
და შენთვის უცნობ არყოფნას ჭვრეტს, პოვნით გრძნეული.
სველ ფერუმარილს მე ვიგემებ მაგ წამაწამისა,
რას იგრძნობს გული, შენგან ასე გახევებული
უგრძნობელობით ქვებისა და სილაჟვარდისა..
(თარგმნა ბადრი თევზაძემ)