ყველაზე ზღაპრული ტაძარი მსოფლიოში

  21:37:31     18-06-2015

ტაილანდში ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის, რათა ამ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები მოინახულოს. დღეს ერთ-ერთ განსაკუთრებულ არქიტექტურულ ძეგლზე მოგითხრობთ. 

Wat Rong Khun -  თოვლივით თეთრი და ზღაპრული არატრადიციული ბუდისტური ტაძარია, რომელიც "თეთრი ტაძრის" სახელითაა ცნობილი. იგი მდებარეობს ჩიანგრაის პროვინციაში. ტაძარს ხშირად "ტაილანდის მარგალიტს" უწოდებენ, რაც სრულად შეფერება მის სილამაზეს. 
"თეთრი ტაძრის" მშენებლობა 1997 წელს დაიწყო, თუმცა არქიტექტორმა ამ იდეის მოფიქრებას მთელი 20 წელი მოანდომა, მაგრამ შედეგად შესანიშნავი რამ მიიღო. 

ტაძარი წარმოადგენს სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარს, იგი შეღებილია თეთრ ფერში, დაფარულია სარკისებრი მოზაიკით და სიმბოლურად აღნიშნავს ბუდას სისპეტაკეს. არქიტექტორის ჩანაფიქრით, ტაძარი წარმოადგენს სამოთხის სიმბოლოს. ტაძრამდე რომ მიაღწიოთ, უნდა გაიაროთ ჯოჯოხეთის კარიბჭე, წამების და ტანჯვის ბილიკით, სადაც ბილიკის ორივე მხარეს შენკენ მუდარით გამოწვდილი ხელებია, რაც საკმაოდ საშინელი და  ჟრუანტელისმომგვრელი სანახაობაა.  ამ ბილიკის გავლის შემდეგ შეგხვდებათ რახის ქანდაკება, მითების მიხედვით ეს არის დემონი-გველეშაპი, რომელიც დაბნელების დროს მზეს ყლაპავს. ამის შემდეგ უკვე ხიდია პატარა ტბორზე, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ორი სამყაროს გამყოფ მდინარეს. ტაძართან მიახლოებისას უამრავი ფიგურა თუ სტატუა გხვდებათ, სახურავი მორთულია უამრავი ქანდაკებით, რომლებიც ბუნების სტიქიებს აღნიშნავს.

"ტაილანდის მარგალიტში" ბუდას ორი ქანდაკებაა და მისივე უზარმაზარი გამოსახულება, მოპირდაპირე კედელი კი მორთულია წარწერებით, რომლებიც გვამცნობენ ბოროტსა და კეთილს შორის საუკუნო ბრძოლას. იმის მაგივრად, რომ კედლებზე გამოესახათ ბოროტებასთან მებრძოლი ისტორიული გმირები, კედლები მოხატულია თანამედროვე ფილმების გმირების ნახატებით, მაგრამ მათში ჩადებულია ბუდისტური კონტექსტი. აქ გვხვდება ბეტმენი, სუპერმენი და კიანუ რივზიც კი ნეოს როლში "მატრიციდან", ჯედაი "ვარსკვლავური ომებიდან", რობოტები და კიდევ უამრავი თანამედროვე პერსონაჟი. 

იხილეთ ფოტოები: