ღია კარის დღე სამხედრო ბაზებზე

  09:55:22     18-03-2011

თავდაცვის სამინისტრომ აბიტურიენტებს სამხედრო ბაზები დაათვალიერებინა. ღია კარის დღე საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა. სკოლის მოსწავლეები ბაზებზე სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით მიიყვანეს. ბაზების მონსახულების და სამხედროთა ცხოვრების გაცნობის შემდეგ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პედაგოგები ახალგაზრდებს სასწავლებლის სპეციფიკაზე, ჩაბარებისა და სწავლის პირობების შესახებ ესაუბრნენ.

 

როგორც ცნობილია, თავდაცვის აკადემიაში სწავლა მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, “თავდაცვის აკადემიაში ჩაბარების შემდეგ მსმენელი აფორმებს ხელშეკრულებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და იღებს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს. აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას.

 

აკადემიის საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება ორი სკოლის მეშვეობით: ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლა- აეროდრომებისა და საავტომობილო გზების მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები;  ბიზნესისა და მართვის სკოლა - ზოგადი მენეჯმენტი, ლოგისტიკა და ექსპედირება.

 

აკადემია ამზადებს ოფიცრებს  ქვეითი, საინჟინრო, ლოგისტიკის, სატანკო, მექანიზირებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 2011 წლის 25 მარტს იწურება.”