იარაღის შემოტანა საქართველოში - იმპერიის დასამარცხებლად

  17:36:53     17-03-2011

გიორგი დეკანოზიშვილის შესახებ, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოებისათვის ცოტა რამ არის ცნობილი. არადა ის გახლდათ ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და მნიშვნელოვანი ფიგურა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.

ცოტა ხნის წინ გამოვიდა წიგნი რუსეთის იმპერიაში ტერორისტად “მონათლული”, სინამდვილეში შესანიშნავი ქართველი მამულიშვილის, გიორგი დეკანოზიშვილის შესახებ. წიგნის ავტორები არიან ისტორის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე და მაგისტრი გიორგი გაფრინდაშვილი, რედაქტორი ლაშა ბაქრაძე. ცნობილი ისტორიკოსი, დიმიტრი შველიძე არაერთი საინტერესო წიგნის ავტორია.

 

გიორგი დეკანოზიშვილი დაიბადა 1968 წელს ქალაქ პეტროვსკში, დღევანდელ მახაჩყალაში. ჯერ გიმნაზიაში სწავლობდა, მერე პეტერბურგის სამთამადნო ინსტიტუტში, რომელიც 1892 წელს დაამთავრა. იყო აქტიური წევრი პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოსი.

 

1892 წლის 26 ივლისს ქუთაისში ჩატარდა რუსეთის საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველ სტუდენტთა სათვისტომოების წარმომადგენელთა ყრილობა, რომლის აქტიური მონაწილეც გიორგი დეკანოზიშვილი. მონაწილეები დააპატიმრეს. მაგრამ მერე გაათავისუფლეს. გიორგი დეკანოზიშვილი, რა თქმა უნდა, არ მოისვენებდა და იგი გახდა აქტიური პროპაგანდისტი თავისუფლების იდეებისა. თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასა" და "ცნობის ფურცელში". იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. საზღვარგარეთ არჩილ ჯორჯაძესთან ერთად გამოსცემდა გაზეთ "საქართველოს". არჩილ ჯორჯაძესთან და სხვა პატრიოტებთან ერთად, იყო ჟენევის 1904 წლის ქართველთა ინტერპარტიული კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე.

 

იმ პერიოდში ევროპაში მოღვაწეობდა ფინელი პატრიოტი, “აქტიური წინააღმდეგობის პარტიის” ხელმძღვანელი კონრად ცილიაკუსი. ის იბრძოდა სამშობლოს თავისუფლებისათვის.  ცდილობდა რუსეთის იმპერიის ოპოზიციური პერტიების გაერთიანებას იმპერიის წინააღმდეგ. მან 1904 წლის დასაწყისში გაიცნო გიორგი დეკანოზიშვილი. დაპყრობილი ქვეყნების თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტების საერთო მიზანმა ისინი დაახლოვა.

 

მალე ცილიაკუსმა გაიცნო იაპონიის ყოფილი ატაშე საფრანგეთში, შემდეგ რუსეთში, პოლკოვნიკი მოტოძირო აკაში, რომელიც ომამდე 2 კვირით ადრე სტოკჰოლმში გადაიყვანეს. მათი ინტერესები ერთმანეთისას ემთხვეოდა. ახალი დაწყებული იყო იაპონია-რუსეთის ომი. ომის დაწყებამდე იაპონიის ხელისუფლება ცდილობდა მოკავშირეები მოეძებნა რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხებში და რევოლუციურ პარტიებში. ამ პერიოდში იაპონიასთან თანამშრომლობდა დიდი პოლონელი იოზეფ პილსუდსკიც.

 

ცილიაკუსმა აკაში დააკავშირა სხვადასხვა ეროვნებისა და მიმართულების პარტიებთან. აკაში სტოკჰოლმიდან ხელმძღვანელობდა იაპონურ დაზვერვას. იაპონელების დახმარებით მოეწყო კონფერენცია პარიზში, რომელსაც 8 პოლიტიკური პარტის ესწეებოდა, მათ შორის ქართველი სოციალ-ფედერალისტები, დეკანოზიშვილი და ალექსანდრე გაბუნია, ასევე პოლონელები, ლიტველები, სომხები, ფინელები და რუსებიც (სხვადასხვა პარტიიდან). მიიღეს დეკლარაცია: 1. მონარქიის დამხობა; 2. დემოკრატის დამყარება; 3. ერთა თვითგამორკვევა. შემდეგ მეორე კონფერენციაც მოაწყვეს.

 

გადაწყდა, რუსეთის იმპერიის მასშტაბით მოეწყოთ ერთიანი შეიარაღებული აჯანყება თვითმპყრობელური რეჟიმის წინააღმდეგ. ცილიაკუსმა მოსთხოვა იაპონიის მთავრობას დაეფინანსებინა რევოლუციონერების და პატრიოტების შეიარაღება. გამოიყო 1 000 000 იენი, რაც დიდი ფული იყო მაშინ. პირველი მცდელობა იარაღი შეეტანათ ბალტიის ზღვიდან ღალატის გამო ჩავარდა.

 

გიორგი დეკანოზიშვილს საქართველოს პატრიოტების შესაიარაღებლად გამოეყო 125 000 იენი. ასევე სხვებს. მალე დეკანოზიშვილისა და რამდენიმე ადამიანის მიერ შეძენილი იქნა იარაღი. პირველი პარტია გემ ‘ჯონ გრაფტონის” მეშვეობით ბალტიის ზღვაში გავიდა, იარაღის მცირე ნაწილი ფინელებმა მიიღეს, ნაწილი დაიკარგა, გემი მეჩეჩზე დაზიანდა და ააფეთქეს, ნაწილი იარაღისა რუსეთის სპეცსამსახურებს ჩაუვარდათ ხელში. მეორე გემი “გარსია” რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა.

 

ასეთ დროს გიორგი დეკანოზიშვილმა ყველა ზომა მიიღო საიდუმლოს შენახვისთვის. მოახერხა იარაღის შესყიდვა - 8 000 თოფი და მილიონზე მეტი ვაზნა. ძალიან ციოდა, მას კი წესიერი პალტოც არ ჰქონდა. შეიძინა გემი “სირიუსი”. დაიქირავა კაპიტანი ქრისტიან კორნილსენი. ასევე ეკიპაჟი, რომლებმაც არ იცოდნენ რა გადაჰქონდათ.

 

1905 წლის 5 სექტემბერს დამარცხებულმა რუსეთის იმპერიამ ხელი მოაწერა იაპონიასთან საზავო (სამარცხვინო) პირობებს. აკაშიმ დაფინანსება შეუწყვიტა ანტიიმპერიალისტურად და ანტიმონარქისტულად განწყობილ ქართველებს და სხვებს. დეკანოზიშვილს და სხვა პატრიოტებს ფული, ასევე, პატრიოტმა იაკობ ზუბალაშვილმა მისცა.

 

გემი “სირიუსი” დაიძრა საქართველოსკენ. რუსეთის “ოხრანკამ” ვერაფრისდიდებით ვერ მოახერხა გაეგო რა გზით და რომელი გემით წავიდოდა იმპერიაში იარაღი. ნოემბრის თვეში "სირიუსი" ფოთს მოადგა. გადმოტვირტთვა გაძნელდა, გემს არ დახვდა საჭირო რაოდენობის ნავი, ხუთი დღის განმავლობაში გემი ეძებდა ნავებს. ამიტომ იარაღის ნაწილი ზღვაში ჩაყარეს. ნაწილი იარაღისა რუს ჯარისკაცებს ჩაუვარდათ ხელში. მოხდა შეტაკებაც. ნაწილი მოსახლეობამ დაიტაცა, ნაწილი პარტიებს შეხვდათ.

 

გიორგი დეკანოზიშვილის მიერ შესანიშნავად დაგეგმილი საქმე, საქართელოში არც თუ კარგად დააგვირგვინეს, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანი მოვლენა და ქართული საქმე იყო, დამპყრობლების წინააღმდეგ მიმართული.

 

1905 წლის მოსკოვის დეკემბრის აჯანყებაში დეკანოზიშვილის მიერ გაგზავნილი თოფები ჰქონდათ.

 

თავდაუზოგავი პატრიოტი გიორგი დეკანოზიშვილი გარდაიცვალა საფრანგეთის ქალაქ კანში. დაკრძალულია თბილისში.