"არ მინდა სახლი" - ნინო ჭინჭარაულის აუდიო წიგნის პრეზენტაცია

  09:12:46     11-06-2015

2015 წლის 14 ივნისს, კვირას, ჩაის სახლი - "ალთჰაუსი" და სტუდია -"არაგვიანი" გიწვევთ ნინო ჭინჭარაულის პირველი აუდიო წიგნის - "არ მინდა სახლი"-ს პრეზენტაციაზე.

ნინო ჭინჭარაული 1988 წლის 13 აპრილს ქ. თბილისში დაიბადა. ის სხვადასხვა წლებში სწავლობდა: ჟურნალისტიკის, უცხო ენებისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტებზე. 17 წლის ასაკიდან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 2006-2011წწ. მუშაობდა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში(საორგანიზაციო, კულტურის და ბავშვთასახლებთან ურთიერთობის ჯგუფებში) და ამავე ცენტრის ჟურნალ - "ახალგაზრდობა"-ში. ორგანიზებას უწევდა და მიჰყავდა სხვადასხვა ავტორთა პოეზიის საღამოები, საქველმოქმედო ჯგუფის საღამოები და სხვა კულტურული ღონისძიებები.

დღეისთვის, მისი ლექსები ქვეყნდება ჟურნალ "ცისკარში". ნინო რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი და პრიზიორია, ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას,  მონაწილეობას ღებულობს პოეზიის საღამოებში, ტელე და რადიო გადაცემებში. მუშაობს ხატწერაზე და ხევსურული სამოსის აღდგენა-შენარჩუნებაზე.

"პრესა.ჯი" ავტორს გაესაუბრა:

- დავიწყოთ ბანალური კითხვით, როგორ დაიწყე ლექსების წერა?

ლექსი უფრო ადრე მოვიდა ჩემთან, ვიდრე ზოგადად ცნობიერება. დაახლოებით 3წლის ასაკში. მე არ მახსოვს,როგორ ვიგონებდი 2-3 სტროფიან, ურითმო ლექსებს, მაგრამ ამის შესახებ დედაჩემისგან გამიგონია. უკვე სკოლის ასაკში კი ჩემი თიანელი, ბიბლიოთეკარი ბებო მიკითხავდა და მაცნობდა სხვადასხვა თაობის პოეტებს, მეორე ბებია კი(რომელიც სკოლის მასწავლებელი იყო) ზაფხულში, შესაბამის სასკოლო პროგრამამდე ადრე ნაწილ-ნაწილ მაზეპირებინებდა "ვეფხისტყაოსანს". მას შემდეგ და დღემდე უკვე ყველაფერი თავისით ხდება. მოდის ლექსი, ვეხმარები დაბადებაში და შემდეგ სხვისიც ხდება. ადამიანივითაა.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ გარდა პოეტისა, ხარ მხატვარი, ხატმწერი, მთარგმნელი, მწერალი... აქედან გამომდინარე საინტერესოა, რას ნიშნავს შენთვის ხელოვნება და რამდენად დიდი ადგილი უკავია მას შენს ცხოვრებაში?

დღეს საქართველოში რატომღაც ორ უკიდურესობაში ვარდებიან ხელოვანი ადამიანები. ერთნი ცხვირში გჩრიან საკუთარ სტატუსს - "პოეტი ვარ", "მწერალი ვარ" და მეორენი პირიქით, შიშით უყურებენ და სირცხვილად თვლიან იმის თქმას, რომ ხელოვანი ხარ. არცერთის არ მესმის. არც პოეტი, არც მწერალი არ წარმოადგენს იმხელა დამსახურების ადამიანს, რომ გამწარებულმა ეძებოს აღიარება, ან ზოგადად, ამ სახელს გაურბოდეს. ჩემს ცხოვრებაში ხელოვნებას იმაზე დიდი ადგილი უჭირავს, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს ჩვეულებრივი, დაოჯახებული ადამიანის ყოველდღიურობაში. საერთოდ, ნორმალურ ხელოვან ადამიანს მარტოობა სჭირდება, მაგრამ რადგან არასდროს ვყოფილვარ ნორმალური ოჯახიც შევქმენი, ორი შვილიც მყავს, იმედი მაქვს კიდევ მეყოლება და ეს ყველაფერი ისე, რომ არც ჩემს შვილებს დააკლდეთ დედის სითბო და არც წერა მივატოვო.

- ამჟამად ხო არ მუშაობ ახალ წიგნზე? რა გეგმები გაქვს მომავალში ამ კუთხით?

იმდენი ვიძახე "კრებულის გამოცემა არ მეჩქარება"-მეთქი, რომ უკვე ჩემგან დამოუკიდებელი პრობლემებიც შეიქმნა ამასთან დაკავშირებით. ჩვენი გამომცემლობები პოეზიას არაკომერციულად თვლიან, თუმცა ვფიქრობ სექტემბრისთვის მოხერხდება ჩემი პირველი კრებულის გამოცემა.

ისე კი, ამ ბოლო პერიოდში უფრო პროზაში ვმუშაობ.

- როგორია ხელოვანის გადმოსახედიდან დღევანდელი საქართველო და რას შეცვლიდი?

 საქართველოს აქვს ყველაფერი, მაგრამ ადამიანებს მაინც არ აქვთ არაფერი. აი ასეთი პარადოქსია. რაც შეეხება ქართულ ხელოვნებას, უცხოელებს ვატენით გამწარებულები, მაგრამ საკუთარი არავის გვჭირდება. საკუთარი ხელოვანები გვიყვარს მაშინ, როდესაც მკვდრები არიან. ცოცხლებს არ ვწყალობთ და ვერ წარმოგვიდგენია, რომ მათაც ჩვეულებრივი ადამიანებივით სჭირდებათ არსებობა, რაც მატერიალურ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული.

- 14 ივნისს შენი პირველი აუდიო წიგნის - "არ მინდა სახლი"-ს პრეზენტაციაა, როგორია შენი მოლოდინი და რას დაახვედრებ მკითხველს?

ჩემმა მკითხველებმა იციან, რომ დიდი ვერაფერი ორატორი ვარ და თუ მაინც მიწევს საჯაროდ ლაპარაკი(საღამოების წაყვანა და ა.შ) მაშინაც დისკომფორტს განვიცდი და ვცდილობ სათქმელი მოკლედ მოვჭრა. ჩემ მაგივრად ჩემი ლექსები ისაუბრებენ, მე კი მადლობელი ვიქნები ყველასი, ვინც პრეზენტაციაზე საკუთარი სურვილით მოვა. ყველაზე მეტად გამახარებს ის, თუ ჩემი ლექსები ერთ ადამიანს მაინც გაუჩენს სულში თავისუფლების შეგრძნებას. ზოგჯერ ვფიქრობ, ამ შეგრძნების განცდისათვის ვწერ საერთოდ ლექსებს.

პრეზენტაციის დასაწყისი - 13:00

დასწრება თავისუფალია!