გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს
16:57:41     08-06-2015
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს, როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი ცრუ დასმენის ფაქტზე წარედგინა.
"საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარედგინა.
გამოძიების მსვლელობისას დაიკითხა ათეულობით მოწმე. მათ შორის როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე პატიმრები. ჩატარდა ექსპერტიზები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და განხორციელდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ.ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ.ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით",- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ ლაშა მახარაძის მკვლელობისთვის გიორგი ოქროპირიძეს ასამართლებენ, რომელიც თავის დროზე მარგველაშვილმა შეიწყალა, მიუხედავად იმისა რომ ის 19 წლის ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
ნაფიცმა მსაჯულებმა კი მახარაძის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამიტომ, ახლა ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობა უნდა შეირჩეს. სწორედ ისინი გადაწყვეტენ - არის თუ არა ოქროპირიძე მახარაძის მკვლელობაში დამნაშავე.
დღეს კი
ბრიფინგი გამართა გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ, მისი თქმით, ოქროპირიძის მიმართ პროვოკაციის მოწყობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რათა არ გამოუშვან საპყრობილიდან.
გუშინ გიორგი ოქროპირიძესთან უცნობი პირი საკანში შევიდა და ოქროპირიძის პროვოცირებას შეეცადა.
გიორგიმ ჯიბეში ჩაიდო ხელები. საკანში კამერაა დამონტაჟებული და ყველაფერი იქნება დაფიქსირებული. ამ პირმა შემოიხია ტანსაცმელი და მიიყენა თვითდაზიანება", - განაცხადა დავით მოდებაძემ.