მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს: რა ჭამა სამართალმა - პური თუ სანახაობა?

  11:37:24     05-06-2015

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე განსასჯელ გიორგი ოქროპირიძის მიმართ, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. მრავალსაათიანი განსჯის მიუხედავად, მსაჯულებმა ვერ თქვეს - არის თუ არა, დამნაშავე მარგველაშვილის მიერ შეწყალებული ოქროპირიძე, რომელიც ერთხელ უკვე იყო მსჯავრდებული ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობის გამო.

პროცედურის მიხედვით, ნაფიცი მსაჯულების მიერ გადაწყვეტილების ვერმიღების შემდეგ, ახალი მსაჯულების შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს. თუმცა, იმის გამო რომ განსასჯელ ოქროპირიძეს რამდენიმე დღეში წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება, ის, შესაძლოა, ახალი მსაჯულების გადაწყვეტილებას უკვე „გარეთ“ დაელოდოს.

რა მოხდა ვაკეში?

გამოძიების მასალების მიხედვით, გიორგი ოქროპირიძე ვაკეში, მეგობარ ბერძენიშვილის მანქანით ლაშა მახარაძის სახლთან მივიდა და მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ტყვია ესროლა. ლაშა მახარაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ოქროპირიძის მიერ ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა მისივე მეგობარმა ბერძენიშვილმაც. მან, როგორც სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, პირადად დაინახა, თუ როგორ მოკლა „ოქრიკამ“ 27 წლის მახარაძე, რის შემდეგაც ერთად მიიმალნენ. ბერძენიშვილმა ასევე განაცხადა რომ „ოქრიკას“, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, კონფლიქტი მოუვიდა მოკლულ მახარაძესთან.

რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, მახარაძის მკვლელობის შემდეგ, გამოძიებამ ბერძენიშვილი ფასანაურში დააკავა. ის საქართველოს დატოვებას ყაზბეგიდან ცდილობდა. მან გამოძიებასთან ითანამშრომლა, რის შემდეგაც საპროცესო შეთანხმების მიხედვით, გირაოთი გაათავისუფლეს.

მისი დაკავებიდან რამდენიმე კვირაში კი, გიორგი ოქროპირიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაიჭირეს და მოლაპარაკების შედეგად ქართველ სამართალდამცველებს გადმოსცეს.

მიუხედავად ბერძენიშვილისა და სხვათა ჩვენებიბისა, ნაფიც მსაჯულებს ოქროპირიძის დადანაშაულება გაუჭირდათ. თუმცა, მოკლულის დედა, ახლობლები და მეგობრები კატეგორიულად დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ლაშა მახარაძე გიორგი ოქროპირიძემ მოკლა.

ოქროპირიძე კი, რომელიც თავის დროზე მარგველაშვილმა შეიწყალა და რომლის დედაც ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტიური წევრია, ბრალდებას არ აღიარებს. მან გუშინდელ გამოსვლაში განაცხადა რომ „ცხოვრება სწყურია“. „გევედრებით“, - ასე დაასრულა თავისი გამოსვლა განსასჯელმა.

ლევან თალაკვაძის მკვლელობა

მაშინ, როდესაც გიორგი ოქროპირიძე სასჯელს იხდიდა 19 წლის ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობის გამო, მისი ადვოკატი დღევანდელი ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე იყო.

ქალბატონი მანანა მაშინ ოქროპირიძის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ცდილობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს ამბავი „გასკდა“ და „ოქრიკა“ მახარაძის მკვლელობაშიც დაადანაშაულეს, მოკლული თალაკვაძის დედამ მანანა კობახიძეს ასე უპასუხა.

მე გახლავართ ოქროპირიძის მიერ მოკლული ლევან თალაკვაძის დედა. ბუნებრივია, თვალს ვადევნებ მის მიერ კიდევ ერთი მოკლულის, ლაშა მახარაძის საქმის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას.

წავიკითხე თქვენი ინტერვიუ ამ დანაშაულის შესახებ. სამწუხაროდ, ინტერვიუში ჩანს თქვენი პროფესიული არაკომპეტენტურობა, რადგან თქვენ დანაშაულის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენთ.

რასაც თქვენ წერთ - სიცრუეა. ნუთუ არ იცით რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მას (სახელის ხსენებაც მზარავს ). ნუთუ არ გაღელვებთ ამ ბიჭების სიკვდილი?

დაფიქრდით, ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა. ჩვენი შვილები იხოცებიან, თქვენ კი აუღელვებელი სახით, სრულიად საქართველოს წინაშე თავს იმართლებთ“, - განაცხადა მოკლული ლევან თალაკვაძის დედამ,  ჟუჟუნა თალაკვაძემ კობახიძის მისამართით.

გამოძიების მასალების მიხედვით, გიორგი ოქროპირიძემ 19 წლის ლევან თალაკვაძე 2009 წლის ივლისში ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა.

თუმცა, ის, შეწყალების კომისიის იმჟამინდელი უფროსის, ალექსანდრე ელისაშვილის რეკომენდაციით, მარგველაშვილმა გაპრეზიდენტებიდან მალევე შეიწყალა. შეწყალების მომენტში, ოქროპირიძეს სასჯელის მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდა მოხდილი. შესაბამისად, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვები მერკანტილური ინტერესების შესახებ.

იზეიმებს თუ არა, სამართალი?

ნაფიცი მსაჯულების მიერ გადაწყვეტილების ვერმიღებას, გუშინ, მოკლული ლაშა მახარაძის დედამ სასოწარკვეთით და ცრემლებით უპასუხა.

ქალბატონი, რომელსაც ოჯახის ბოლო წევრი მოუკლეს (მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მისი უფროსი შვილი და რძალი ავტოკატასტროფით გარდაიცვალა) დამნაშავის დასჯას ითხოვს. თუმცა, როგორც ჩანს, სამართალი აგვიანებს.

რას გადაწყვეტენ ახალი ნაფიცი მსაჯულები და ბოლოს და ბოლოს, როდის გაეცემა კითხვას პასუხი - არის თუ არა, დამნაშავე, გიორგი ოქროპირიძე, ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობაში, ამის გარკვევას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

მოკლულის დედა ოქროპირიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, ოქროპირის დედა კი, შვილის უდანაშაულოდ ცნობას.