ვინ ფიგურირებს წერილში, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაზეა საუბარი?

  13:50:50     27-05-2015

„ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ მოქალაქე ნ.გ-მ. 1 460 000 დოლარად გაყიდა შპს „ტრანსკავკასიის პლაზა“-ს 78 პროცენტი, შპს „დაიმონდზე“, რომლის დირექტორია ა.ტ. ყიდვა-გაყიდვა, ოფიციალურად დაფიქსირდა ნასყიდობის ხელშეკრულებით.

თუმცა, გარდა აღნიშნული თანხისა, ხელშეკრულების მიღმა, „დაიმონდის“ ხელმძღვანელობამ ნ. გ-ის წარმომადგენელთან, მ.ს-თან შეთანხმებით, ამ უკანასკნელს, ხელზე, ყოველგვარი ხელშეკრულების და საგადასახადო დოკუმენტების გარეშე გადაუხადა 400 000 დოლარი, თითქოს შპს „ტრანსკავკასიის პლაზაში“ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება.

აღნიშნული თანხა არ დაბეგრილა და შესაბამისად, ბიუჯეტში არ გადახდილა გადასახადი.

ნ.გ-სა და მისი წარმომადგენლის, მ.ს-თვის თანხის გადახდა დასტურდება ნ.გ-ის 2014 წლის 26 ნოემბრის განცხადებით, შპს „დაიმონდის“ დირექტორის, ა.ტ-ის ხელწერილით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით.

გაცნობებთ რა აღნიშნულს, გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით“, - ეს წერილი „პრესა.ჯი“-ს რედაქციამ მკითხველისგან მიიღო.

იმის გამო რომ წერილში საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის დამალვაზე და ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, საჭიროდ ვთვლით გამოვაქვეყნოთ იგი. ამავე დროს, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, სწრაფად, მიუკერძოებლად და საფუძვლიანად გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია და მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

გარდა ამისა, სურვილის არსებობის შემთხვევაში, მზად ვართ სრულყოფილად დავაფიქსიროთ  ნ.გ-ისა და ა.ტ-ის პოზიცია. ჩვენ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.

P.S: ცხადია, ჩვენ არავის ვდებთ ბრალს. არ ვამტკიცებთ რომ ვინმემ გადასახადი დამალა. უბრალოდ, როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ. დანარჩენი შესაბამისი უწყენების საქმეა. სწორედ მათ უნდა დაადასტურონ, შეესაბამება თუ არა, წერილში მოყვანილი ინფორმაცია რეალობას.