5 მკვლელობა ერთ თვეში

  10:23:28     26-05-2015

საბურთალოზე  გუშინ მოკლული  18 წლის ბეგლარ მამალაძე გვიან ღამით, მესამე პლატოზე, საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ატესტატი ახლახან აიღო სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა მასზე 1 წლით უფროსმა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ახალგაზრდამ ის გუშინ დაახლოებით 17:00 საათზე მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.

შემზარავ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს,  მეზობლებმა დაინახეს, რომ ორი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან გარბოდა. ბიჭი მეზობელმა საკუთარი მანქანით წაიყვანა საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმხილველი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიაში მუშაობს, ამბობს, რომ შემთხვევას შელაპარაკება წინ არ უძღოდა.

მამალაძეს მუცლის არეში ცივი იარაღით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

„გავიგე ქალის კივილი, რომელიც ითხოვდა, რომ სასწრაფო გამოეძახებინათ. გავედი და დავინახე ახალგაზრდა, რომელიც ძირს იწვა. მეზობელმა ქირურგმა იგი თავისი ავტომობილით საავადმყოფოში წაიყვანა. შემდეგ გავიგეთ, რომ გარდაიცვალა", - აღნიშნა თვითმხილველმა.

რაც შეეხება მკვლელობაში ეჭვმიტანილს, როგორც შს სამინისტროდან „პრესა.ჯი“-ს აცნობეს, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად , 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი როინ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 25 მაისს, დაახლოებით, 17:00 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოს მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1996 წელს დაბადებულ ბეგლარ მამალაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)“,- აღნიშნავენ სამინისტროში.

პოლიციამ ბეგლარ მამალაძის ახლობლები და მეგობრები გუშინვე დაკითხა. ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობაში მიიყვანეს მკვლელობაში ბრალდებული პირიც.

დაიკითხა სასულიერო პირიც, რომლის ავტომობილზე დამონტტაჟებულმა ვიდეო რეგისტრატორმა დააფისირა როგორ მისდევდნენ მოსაკლავად ბეგლარს. 

„ ნახევარი საათით ადრე ვიყავი მოსული შემთხვევის ადგილზე,  სადაც მანქანას ვაჩერებ იქ მოკლეს ეს საწყალი ბიჭი.  ჩემით გამოძიება იმიტომ დაინტერესდა, რომ ჩემს ავტომობილზე აყენია ვიდეო რეგისტრატორი. ჩანაწერში არავითარი ხმაური არ ისმის, ჩანს, რომ ამ ბიჭის მოსაკლავად მოვიდნენ, რადგან იქ არც ჩხუბი იყო და არც გარჩევა“, - განაცხადა დაკითხვის შემდეგ მამა გიორგი ჩაჩავამ.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი, სხვაგან დაიწყო, ბიჭი თავდამსხმელებს გამოექცა და სავარაუდოდ, სახლისკენ გარბოდა. უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამას იმედია გამოძიება გასცემს პასუხს, თუმცა ეს დიდი ვერაფერი შვებაა გამწარებული მშობლებისთვის, რომლებსაც ბეგლარის მომავალი სულ სხვანაირად წარმოედგინათ. 

ზოაგადად, კრიმინოგენულ სიტუაციას რაც შეეხება, მარტო მაისში 5 მკვლელობა დაფიქსირდა.

3 მაისს, შუახევში, 25 წლის დავით დავითაძის მკვლელობასა და ორი პირის დაჭრაში, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირი დააკავეს.

13 მაისს, კი ბაღდათის რაიონის სოფელ ოფჩაში, დააყაჩაღეს და წამებით მოკლეს 80 წლის ქალბატონი;

16 მაისს, ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში, ერთი პირის მკვლელობასა და ერთის დაჭრაში ბრალდებულია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი;

18 მაისს, რუსთავში, 23 წლის გოგონას ყელი გამოჭრეს.

გუშინ კი 18 წლის ბიჭი გამოასალმეს სიცოცხლეს.