რატომ გამოჭრა ჩხოროწყუელმა კაცმა ცოლს ყელი?- შემზარავი მკვლელობის დეტალები

  12:59:36     25-05-2015

4 საათის წინ, დაახლოებით 9:00 საათზე  ახალგაღვიძებული სოფელი შუახნის ქალბატონის საზარელმა კივილმა შეძრა. ჩხოროწყოს რაიონ, სოფელ სარაქონის მკვიდრმა ქალბატონმა მეზობლებს საზარელი მკვლელობის შესახებ უამბო, თუ როგორ გამოჭრა მისმა 36 წლის მეზობელმა გია სოსელიამ მძინარე მეუღლეს ყელი.

„ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, ირა მოვკალი, 11 წლის გოგოს თქვენ მიმიხედეთ, არავინ დამიჩაგროსო“,- უთქვამს ეჭვმიტანილს მეზობლისთვის.

მამის მიერ დედის მკვლელობას, საბედნიეროდ, გოგონა არ შესწრებია, ის საზარელი მკვლელობის დროს უკვე სკოლაში იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა, ქალის სხეული კი პროზექტურაში გადაასვენეს.

„პრესა.ჯი“-ს სარაქონში მომხდარი შემზარავი ფაქტის დეტალებზე ჩხოროწყუს გამგებლის მოადგილემ ვალერი თოდუამ უამბო.

„10 წუთია, რაც სოფელ სარაქონიდან დავბრუნდი, საშინელი გარემოება დაგვხვდა,34 წლის ირა ფიჩხაია, ყელგამოჭრილი საძინებელ ოთახში იწვა და სისხლში ცურავდა“,- გვითხრა ვალერი თოდუამ.

- რა გახდა საზარელი მკვლელობის მოტივი?

- გია სოსელია, ბავშვობიდან სოფელ სარაქონში იზრდება, რუსი წარმომავლობისაა. დაახლოებით 10 წლის წინ დაოჯახდა მასზე 2 წლით უმცროს ირა ფიჩხიასთან. ეჭვმიტანილი, ხშირად სვავდა, აღენიშნებოდა ფსიქიკური პრობლემებიც, შესაბამისად ოჯახში კონფლიქტი ხშირად იყო. დილით დაახლოებით 9:00 საათისთვის კი საკუთარი ცოლისთვის ყელი გამოუჭრია. ვინაიდან ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ძნელია მოტივზე ისაუბრო, თუმცა ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ მკვლელობის მიზეზი ალკოჰოლი ყოფილიყო.

- მკვლელობის დროს ბავშვი სახლში იყო?

- ცოლ-ქმარს ერთადერთი ქალიშვილი 11 წლის გოგონა დარჩათ. საბედნიეროდ ,ბავშვი მკვლელობის დროს სკოლაში იყო.

- მკვლელობის დეტალები საიდან გაირკვა?

- გია, მეზობელთან მისულა და უთქვამს „ირა მოვკალი, გასაკეთებელი გავაკეთე, ბავშვს თქვენ მიმიხედეთო“. როგორც ვიცი ამის შემდეგ სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს, დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

- მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა?

- არ გამოვრიცხავ, თუმცა შემიძლია ირაზე გითხრათ, რომ ამ ქალბატონს, მისი ბუნებიდან გამიომდინარე, არც კი შეეძლო ვინმესთან რაიმე სახის ურთიერთობა, თუნდაც მეგობრული ჰქონოდა. წყნარი, მშვიდი უსიტყვო ქალი იყო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოლის მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობა სცადა...

- ეს ინფორმაცია მეც მოვისმინე, საწამლავი დალიაო, თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა შემიძლია.