"მკვლელობის დამკვეთი ისევ საქართველოშია"...

  15:16:14     22-05-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოში, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა, 1 თვით გადაიდო. ამის მიზეზი, პროკურატურის შუამდგომლობა გახდა.

გახმაურებულ მკვლელობაზე, დღეს, კომენტარები, როგორც მოკლულის ახლობლებმა, ასევე, ოჯახის ადვოკატმა გააკეთეს.

გაგი მოსიაშვილმა, დაადასტურა ინფორმაცია, რომ მკვლელობის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები,  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც მიმდინარეობს.

“მხოლოდ სოსანაშვილის ბრალეულობით, არ შემოიფარგლება, იური ვაზაგაშვილის, მკვლელობის საქმე. რესურსი, საქმის მასალებში არსებობს, რომ სხვა პირების დადგენა მოხდეს, რომლებიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში, მონაწილეობას იღებდნენ. საგამოძიებო მოქმედება, როგორც საქართველოში, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ ტარდება. იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, სოსანაშვილმა განახორციელა, სხვა პირებთან ერთად და აქედან გამომდინარე, გამოძიება, სწორედ იმ მიმართულებით გაგრძელდა, რომ დადგინდეს, სხვა პიროვნებების ვინაობაც. საუბარია, როგორც თანამონაწილეებზე, ასევე, დამკვეთებზეც”,- ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება, იური ვაზაგაშვილის ოჯახს, როგორც გაირკვა, მათ, არ აქვთ  ინფორმაცია, ეძებენ თუ არა, მკვლელობის, კიდევ ერთ მონაწილეს, საზღვარგარეთ.

მანანა ვაზაგაშვილმა (იური ვაზაგაშვილის და), განაცხადა, რომ ბოლო ინფორმაცია, იური ვაზაგაშვილის ოჯახმა, პროკურატურისაგან, ორი კვირის წინ მიიღო. ის, აცხადებს, რომ მკვლელობის დამკვეთი, საქართველოშია:

 "იმედი მაქვს, გამოიძიებს პროკურატურა, ვინ არის მეორე პირი და ვინ დაუკვეთა მკვლელობა. მკვლელობის ერთი შემსრულებელი, გია სოსანაშვილი, სპეციალურად შეარჩიეს, რადგან იციან, რომ არ ლაპარაკობს. რაც შეეხება დამკვეთს, ვფიქრობ, რომ ის,საქართველოშია", -განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის, 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის, სოფელ ყარაფილაში ჩასული, იური ვაზაგაშვილი, საკუთარი შვილის - ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, დამონტაჟებული, ასაფეთქებელი მოწყობილობის, აფეთქების შედეგად, ადგილზევე გარდაიცვალა. პროკურატურამ, 8 თებერვალს, განაცხადა, რომ  მკვლელობაში ბრალდებული, ჩამდენი პირი,  დაკავებულია. უწყებაში განაცხადეს, რომ მკვლელობა, პოლიციის თანამშრომელმა, გია სოსანაშვილმა ჩაიდინა.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიების მიერ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ამოღებული იქნა, საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი, ე.წ. „ფალიის სახელური“, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით, აღმოჩენილი იქნა, ადამიანის დნმ-ის კვალი, რომელიც სოსანაშვილს ეკუთვნოდა.

მთავარი პროკურორის განცხადებას, დაკავებულის ოჯახმა და ადვოკატმა, უნდობლობა იმავე დღეს გამოუცხადეს. ოჯახი, დნმ-ის კვლევაზე, ექსპერტების დასკვნას, საეჭვოს ხდის. გია სოსანაშვილის ნათესავები, დღესაც ამტკიცებდნენ, რომ მას, გენეტიკური კვლევა, ორჯერ ჩაუტარეს. სოსანაშვილები, გამოძიებისაგან, პასუხს, 6 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ ინსპექციაში ჩატარებულ კვლევაზე ითხოვენ.

სოსანაშვილის ადვოკატი კი, არ გამორიცხავს, რომ მათ, ბევრი დოკუმენტის დაუშვებლად, ცნობა მოითხოვონ, მათ შორის, იმ მოწმეთა ჩვენებებისაც, რომლებიც პროკურატურასთან ამტკიცებენ, რომ 20 იანვარს, გია სოსანაშვილი, სოფელ ყარაფილაში ნახეს.

სოსანაშვილის ადვოკატი, სოსო ჯოგლაძე, „პრესა.ჯი“-სთან აცხადებს, რომ დაკავებულის ახლობლები, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ, რადგან ეს არის ერთერთი საშუალება, გაბათილდეს, ის მტკიცებულება, რაც სახელმწიფო ბრალდებას აქვს.

გია სოსანაშვილის ადვოკატი,  ფიქრობს, რომ ე.წ. ფალია, რომლითაც ასაფეთქებელი მოწყობილობის, საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა მოხდა, შემთხვევის ადგილზე, მოგვიანებით დადეს, აფეთქება კი, დისტანციური მართვით მოხდა.

დაცვის მხარე,  საქმეში არსებული, მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ, საეჭვოდ მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ, ე.წ. ფალიას, ინგლისურენოვანი წარწერა აქვს, თავად ასაფეთქებელი კი, რუსული წარმოებისაა.

სოსო ჯოგლიძის თქმით, ბრალდება, უსაფუძვლოა და სოსანაშვილი, თავს, დამნაშავედ, არ ცნობს.

ბრალდებულ, გია სოსანაშვილს რაც შეეხება, მთელი ამ თვეების განმავლობაში, მან, დუმილი, ერთხელ დაარღვია, როცა ადვოკატს უთხრა, რომ  შესაძლებელია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, საპატიმროში, გუშინ შევხვდი. ჩამოვართვი ახსნა-განმარტება, სადაც გია სოსანაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ვაზაგაშვილი, დადიოდა მელაძეების რძალთან, იმ მელაძეებს ვგულისხმობ, ვის გასვენებაშიც აპირებდა წასვლას. ამ ქალს, მადონა ჰქვია, ამის შესახებ, მთელმა სოფელმა იცოდა. შემდეგ, ოჯახებს, ამის გამო,კონფლიქტიც მოსვლიათ და იური ვაზაგაშვილს, ქალბატონის ქმრისათვის, „ნივა“ უჩუქებია, რომ გაჩუმებულიყო. არ არის გამორიცხული, რომ ამ ხალხმა მოაწყო ყველაფერი, რადგან თავზე ლაფდასხმული დადიოდა ეს კაცი. ამ ყველაფერს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ახსნა-განმარტებაში ჰყვება. ამბობს, რომ მას, არავინ მოუკლავს. პროკურატურამ, დნმ-ის ანალიზი, გააყალბა. მას, დნმ-ის ნიმუში, გენინსპექციაში დაკავებამდე, ერთი დღით ადრე, 6 თებერვალს აუღეს, რაც არ დაულუქავთ და არ დაუფიქსირებიათ. ნერწყვის ნიმუში კი, ყარაფილას სასაფლაოზე წაიღეს და ასაფეთქებელ მოწყობილობას წაუსვეს“,- აცხადებს სოსო ჯოგლიძე.