აშშ სამხედროებს რადიაციის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

  11:30:14     16-03-2011

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს რეკომენდაციას აძლევს. იოკოსუკას და არცუგის ბაზებზე, რადიაციის სავარაუდო საშიშროებისაგან თავდასაცავად, ამერიკელები შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.

 

ღონისძიებებს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ პრევენციული უწოდა. თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 17-მა მოსამსახურემ, რომელნიც იაპონურ ქალაქ სენდაიში სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, მცირე დოზით დასხივება მიიღეს, თუმცა ეს მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ ემუქრება.

 

ქარის მიმართულების შეცვლის გამო, ამერიკული სამხედრო გემები, რომელთაც იაპონიის სანაპიროები რადიოაქტიური საფრთხის გამო დატოვეს, კვლავ დაუბრუნდნენ დანიშნულების ადგილს და სტიქიით დაზარალებულებს დახმარებას უწევენ.

 

რადიაციული ფონის გაუარესებამ, ხელისუფლებას ავარიის ადგილებში მცხოვრებთა ევაკუაცია გადააწყვეტინა. იაპონიის დედაქალაქშიც, ჰაერში ჯანმრთელობისათვის საშიში კონცენტრანტების შემცველი ნივთიერებები დაფიქსირდა.