ვაზიანში, ქართულ-ამერიკული, ერთობლივი სამხედრო სწავლების გახსნის, ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა

  19:31:39     11-05-2015

ვაზიანის, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, ქართულ-ამერიკული, ერთობლივი სამხედრო სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ (Noble Partner 2015) გახსნის, ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება, 1/91 CAV „ჩარლი“ ასეულის, სადესანტო ქვედანაყოფის დესანტირებით დაიწყო, რის შემდეგაც, საქართველოს ხრიდოლის ინსტრუქტორთა ჯგუფმა, ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა გამართა.

სწავლებაში მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს, სიტყვით მიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, - ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწვალების მნიშვნელობაზე,  ყურადღება გაამახვილეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვახტანგ კაპანაძემ.

აშშ-ის ევროპული სარდლობის შეფასებისა და ანალიზის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა, მარკ ლოებენმა და საქართველოში, აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინელმა, სამხედროებს, ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ერთობლივი სწავლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ვაზიანის აეროდრომის სამწყობრო მოედანზე, სწავლებაში მონაწილე, ქართული და ამერიკული ქვედანაყოფების, სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ, წვრთნაში მონაწილე სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
„ღირსეული პარტნიორი“, საქართველოში, პირველად ტარდება და ქართული ასეულის, ნატოს, სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისათვის, მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება, ხელს შეუწყობს, აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, ურთიერთთავსებადობის გაზრდას, NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ღირსეული პარტნიორი“, საველე სწავლებასა და საბრძოლო სროლებს მოიცავს. ბატალიონის დონის სწავლება, სამ ფაზად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები, თეორიულ მომზადებას გაივლიან. მეორე ფაზის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან საცეცხლე მომზადებაა დაგეგმილი, ხოლო დასკვნით, მესამე ეტაპზე, ტაქტიკური სწავლებები განხორციელდება.

“ღირსეული პარტნიორი” საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

სწავლებაში მონაწილეობას იღებს, დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები, I ქვეითი ბრიგადის, მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი.

ქართული მხრიდან, სწავლებაში, გამოყენებული იქნება, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ქსმ-2“.

წვრთნებში ჩართულია ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და რამდენიმე ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანა.

„დღეს, საქართველოსთვის, მისი შეიარაღებული ძალებისთვის, ყოველი ჩვენგანისთვის, მნიშვნელოვანი დღეა. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, ვინაიდან მერგო პატივი, ვუმასპინძლო ჩვენს ქვეყანაში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს - „ღირსეულ პარტნიორს“ და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელს, ვინც მონაწილეობა მიიღო, „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების დაგეგმვასა და წარმატებაში.

მე ამაყი ვარ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები უკვე მრავალი წელია ამერიკელ სამხედროებთან ერთად, მხარდამხარ იბრძვიან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. მადლობელი ვართ, ჩვენი ღირსეული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც უკვე მრავალი წელია, განუხრელად უჭერს მხარს, დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს, ჰყავდეს განვითარებული, თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ძალები, რომელსაც შეუძლია საკუთარი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში.
ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობაზე, ორმხრივი პროგრამების სიმრავლე და სტატისტიკაც მეტყველებს. იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ 12 000-ზე მეტ ქართველ ჯარისკაცს აქვს გავლილი ინტენსიური მომზადება ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით და დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები თავსებადია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ძალებთან.

სწავლება, „ღირსეული პარტნიორი“, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში. ერთობლივი სწავლება, დაეხმარება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში და იმავდროულად, საშუალებას მისცემს უკეთ მოემზადოს, საჭიროების შემთხვევაში, ნატოს სწრაფი რეაგირების მისიებში მონაწილეობის მისაღებად.

ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს, დღეს, ისე, როგორც არასოდეს, ესაჭიროება მტკიცე მხარდაჭერა პარტნიორებისგან, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

დღევანდელი სწავლება და ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ მდგომი 300-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო, საუკეთესო დემონსტრირებაა თქვენი თანადგომის, პარტნიორობის და გულშემატკივრობის ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიმართ. მინდა წარმატებები გისურვოთ სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს. ჩვენ, ყველანი ერთად, მინისტრიც და ჯარისკაციც ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისა და გაძლიერებისათვის, რათა კიდევ უფრო მხნედ და ერთგულად ვემსახუროთ საქართველოს" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა, აშშ-საქართველოს, ერთობლივი სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ გახსნის, ოფიციალურ ცერემონიალზე.