ირაკლი სესიაშვილი: კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა – უსუფაშვილი კარგი მთქმელია...

  13:32:14     07-05-2015

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას უმრავლესობა სრული შემადგენლობით დაუჭერს მხარს.

ირაკლი სესიაშვილი: მთავრობას სრული ნდობა ექნება, დღეს ჩვენ მათ შეხედულებებს მოვისმენთ, ხვალ კი მხარს დავუჭერთ.

თავდაცვის მინიტრის პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშვნას როგორ აფასებთ?

- ჩვენ ერთი გუნდი ვართ, თინა ხიდაშელს ყველა ძალიან კარგად იცნობს. ის კარგ პოლიტიკოსთან ერთად კარგი ორატორია, მაგაზე უკეთესი მენეჯერია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი უწყება იქნება წარმატებული, მოლოდინი მაქვს, რომ თინა ხიდაშელი კარგი თავადაცვის მინისტრი იქნება, ისევე როგორც მისი წინამორბედი მინდია ჯანელიძე იყო. ბატონმა მინდიამ ბოლო 6 თვე ძალიან კარგად იმუშავა. მას ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს და მოსაწონია, რომ ამას თინა ხიდაშელიც იზიარებს და გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებულია თავდაცვის სამინისტროში.

- ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ თავადცვის მინისტრს სამხედრო გამოცდილება უნდა ჰქონდეს, როგორ ფიქრობთ თქვენ?

- ყველა ვთანხმდებით, რომ თინა პოლიტიკოსია, მისი პოლიტიკაში ყოფნის მრავალწლიან ისტორიაში, ის ჩახედულია იმ სფეროში, რაც ეხება ზოგადად თავადცვის სამინისტროს. ამ თანამდებობას განსაკუთრებული სამხედრო მომზადება და სამხედრო გამოცდილება არ სჭირდება. ნიჭიერი ადამიანია ხიდაშელი და ზუსტად ვიცი რომ ახალ საქმეში გარკვევა მას არ გაუჭირდება, მეტიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი.

- „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის 2010 წელს გაკეთებულ განცხადებაზე რას ფიქრობთ, მაშინ უსუფაშვილი ამბობდა, რომ ის საკუთარ შვილს ვერ ეტყვის, რომ თუ საჭიროა სამშობლოს თავი უნდა შესწიროს...

- კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, უსუფაშვილი კარგი მთქმელია... ზოგადად, იძულება ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს. მან პირველ რიგში იგულისხმა ის, რომ ნებისმიერი ადამიანი არჩევანს თვითონ აკეთებს.