შალვა დადიანი – კომედიური ჟანრის ფუძემდებელი დრამატურგიაში

  17:24:04     15-03-2011

1959 წლის 15 მარტს, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწერალი შალვა დადიანი.

XIX-XX საუკუნეებში მწერლობა და თეატრი იყო ქართული ეროვნული ცნობიერების შენახვისა და გამოვლენის, გაცოცხლებისა და აღორძინების უმთავრესი საშუალებანი, სწორედ ხელოვნებისა და ერის ცხოვრების ამ ორ უმნიშვნელოვანეს დარგში მიუძღვის, შალვა დადიანს, დიდი დამსახურება. 

შალვა დადიანი დაიბადა 1874  წლის 8 მაისს, დაბა ზესტაფონში, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი იყო ცნობილი და პატივცემული ადამიანი მთელ საქართველოში – პოეტი, ისტორიკოსი, პედაგოგი, ექიმი, ასტრონომი. მასთან მეგობრობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი და სხვები.

შალვა დადიანმა განათლება მიიღო შინ, მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. მის ოჯახში, ბევრ რამეს ისწავლიდა ადამიანი. უნდა აღინიშნოს, რომ ცნობილი პოეტი და მწერალი დუტუ მეგრელიც ნიკო დადიანის ოჯახში აღიზარდა.

მომავალი მწერალი, სიჭაბუკიდანვე გატაცებული იყო პატრიოტული და სოციალური სამართლიანობის თემებით.  სწორედ ამ იდეებითაა გამსჭვალული მისი ლექსების პირველი კრებული “ნაპერწკალი”, რომელიც 1892 გამოვიდა. ასევე მისი პროზაული მინიატურები, რომლებიც 1896 წლიდან იბეჭდებოდა გაზეთ “ივერიაში”.

1896 წელს, შალვა დადიანს გაუგზავნია თავისი პირველი მოთხრობა “წმინდა ცრემლები” გაზეთ “ივერიაში”. “ივერიის” რედაქტორი, მაშინ ილია ჭავჭავაძე გახლდათ.  

“,წარმოიდგინეთ ჩემი გახარება, - იგონებდა შემდეგ შალვა დადიანი, - როდესაც გაზეთის ფელეტონში ჩამწკრივებულად, ჩემი მოთხრობა დავინახე.”

სიყმაწვილიდანვე გატაცებული იყო თეატრით. 1893 წელს, 19 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო  კოტე მესხის რეჟისორობით დადგმულ, ”მარგარიტა გოტიეში,”’ რომლის თარგმანიც მასვე ეკუთვნოდა. შცენაზე, შალვა დადიანი “ქუჯის” ფსევდონიმით გამოვიდა. შემდეგში, შალვა დადიანი გახდა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი ქუთაისის თეატრში.

1905 წლიდან იწყებს დრამატურგიულ შემოქმედებას. მისი პიესა “მღვიმეში” ალეგორიული ფორმით წარმოადგენს ბრძოლას ეროვნული და სოციალური თანასწორობისათვის. შემდეგ ამას მოჰყვა პიესა "როს ნადიმობდნენ”., “გუშინდელნი” და სხვა.

1908 წელს შალვა დადიანმა ჩამოაყალიბა “მოძრავი დასი”, რომელიც დგამდა სპექტაკლებს საქართველოს ქალაქებში, ბაქოში, ნოვოროსიისკში. იმპერიის ცენზურის აკრძალვის მიუხედავად, “მოძრავმა თეატრმა” დადგა მაქსიმ გორკის პიესა - “უკანასკნელნი.

შალვა დადიანი ითვლება კომედიური ჟანრის ფუძემდებლად ქართულ დრამატურგიაში. მის პიესებში, მხილებულია ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გამოვლინებანი.
 
თავის დრამატურგიაში შალვა დადიანი ცდილობდა ტრადიციული ჟანრის აღორძინებას (მაგალითად, “თეთნულდი”).

შალვა დადიანის რომანი “გიორგი რუსი”, რომელიც თამარის ეპოქას ასახავს, ქართული რომანის ერთ-ერთ მიღწევად ითვლება. ხოლო რომანი “გვირგვილიანების ოჯახი”, რეალისტურად გადმოგვცემს ზედა ფენების, რუსეთის მორჩილი არისტოკრატიის გახრწნილ და უბრალო ადამიანების უმძიმეს მდგომარეობას.

შალვა დადიანზე კონსტანტინე გამსახურდია წერდა: “შალვა დადიანს ამშვენებს მისი ბიოგრაფია. რომელიმე გულარძნილი ნაშიერი იმავე წოდებისა, თავის დიდგვაროვნებას ჩინებულად გამოიყენებდა იმპერატორის სასახლის კამერჰერების, სენატორების და გენერალ-გუბერნატორების ეპოლეტების მისაღებად. შალვა დადიანმა, ამას ყოველივეს არჩია ქართველი მწერლის, ქართველი არტისტის სვეგამწარებული ცხოვრება".

შალვა დადიანი არის მრავალი მოთხრობის, ნოველის, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილის ავტორი. მან თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის და სხვების პიესები. წლების მანძილზე, იგი იყო საქართველოს მსახიობთა კავშირის ხელმძღვანელი, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე. მას სცენაზე 200 მეტი როლი აქვს განსახიერებული. ასევე მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი. მის პიესებს ხშირად დგამდნენ.

აღსანიშნავია, მისი სცენარებით გადაღებული ფილმები: “უჟმური”, “ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე”, “ქარიშხლის წინ”, “მოძღვარი”, “არსენა ჯორჯიაშვილი”. თავადაც არა ერთ ფილმში ითამაშა: “შავი მთებში”, “ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე”, “ქარიშხლის წინ”, “მოძღვარი”, “სურამის ციხე”, “არსენა ჯორჯიაშვილი”.

ჯერ კიდევ 1923 წელს შალვა დადიანის ბენეფისზე იოსებ გრიშაშვილს უთქვამს: “ქართული კულტურის რომელი დარგიც არ უნდა დავასახელოთ, შალვა დადიანი, როგორც სამფერი ძაფი, ნაზად ექსოვება ჩვენს ეროვნულ ხალიჩას… შალვა დადიანი, როგორც მწერალი, სულ ახალი მოვლენაა ჩვენთვის. მისი ყოველი სიტყვა ყალიბშია ჩამდგარი, მოკვეთილი და თავაზიანია… შალვა დადიანის კალამმა იცის თავისი საზღვრები; სად უნდა დაიხიოს და სად გადავიდეს შეტევაზე.”

შალვა დადიანი იყო შესანიშნავი გამგრძელებელი, როგორც ილიას და აკაკის საქმისა, ასევე ვასო აბაშიძის, ვალერიან გუნიასა და ლადო მესხიშვილის მოღვაწეობისა. ის იყო დარბაისელი ბუნებისა და მოსიყვარულე გულის რაინდი ქართველი.

როგორც ვთქვით, შესანიშნავი მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე და რესპუბლიკის სახალხო არტისტი შალვა დადიანი გარდაიცვალა 1959 წლის 15 მარტს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში.

ქართველმა ხალხმა, შალვა დადიანის ნეშტის მთაწმინდის პანთეონში მიუჩინა უკანასკნელი განსასვენებელი. ზუდგიდის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მინიჭებული აქვს შალვა დადიანის სახელი.