შსს-მ პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ გავრცელების ფაქტზე 40 პირი გამოავლინა
10:27:18     04-05-2015
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19 სხვადასხვა ვებ-გვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე გამოავლინეს და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 40 პირი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს და ვითარებაში შემოსავლის მიღებისა და ვებ საიტების პოპულარიზაციის მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეოფაილები, რომლებიც ვებ-საიტებზე ატვირთეს, რითიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტ მომხმარებლებისათვის. მათ მიერ ინტერნეტში ატვირთული პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოფაილები შეუზღუდავად ვრცელდებოდა ბოლო პერიოდამდე. ამჟამად აღნიშნული საიტების ჰოსტინგები გათიშულია, ხოლო მომხმარებლებლები – დაბლოკილი. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება პორნოგრაფიული ნაწარმოების, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელების ან რეკლამირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.