სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორი დააკავეს
10:15:52     24-04-2015
ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი გურამ სურმანიძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სურმანიძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის ორ ცალ სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.