რა კავშირია კიწმარიშვილის, ხარძიანის და ვაზაგაშვილის საქმეებს შორის?

  15:40:04     22-04-2015

ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი გარდაცვლილი ბიზნესმენის საქმში აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს.
როგორც მან „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს, რომელიც გარდაცვალების ადგილზე პოლიციის მისვლამდე იმყოფებოდა.

- რა ეტაპზეა საქმის გამოძიება?

ზურა კიწმარიშვილი: გარდაცვალების ადგილიდან აღებული დნმ-ს ნიმუშის შედარების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შეისწავლეს შემთხვევის ადგილზე ამოღებული ვიდეომასალა, სადაც რამდენიმე პირი საეჭვოდ იქნა მიჩნეული, საიდანაც ორის იდენტიფიცირება და დაკითხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე მოხდა. ვერ მოხდა ვიდეომასალაში დაფიქსირებული კიდევ ერთი პირის – არაქართული, უფრო ზუსტად ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის იდენტიფიცირება, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რა უნდოდა მას იმ ადგილას.

- დნმ-ს ნიმუში ახსენეთ, როგორც მახსოვს თავდაპირველად პროკურატურა ამ მოთხოვნას არ თანხმდებოდა...

- დნმ-ს შედარების პროცედურების დაწყებას ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით, თუმცა პროცედურა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის გამოვლენა სწორედ დნმ-ის ნიმუშის შედარების შედეგად მოხდა.

- არაქართული გარეგნობის მამაკაცი შეიძლება მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყოს, ამის თქმა გინდათ?

- მე ეს არ მითქვამს, უბრალოდ, როცა ვნახე კადრები არაქართულ იერს მივაქციე ყურადღება, თუმცა, შეიძლება მე ვცდებოდე კიდეც. ამის შემდეგ ჩვენი მხრიდან მოთხოვნის წამოყენება მოხდა, რომ გარკვეულიყო ვინ არის ეს ადამიანი და რას აკეთებდა იმ დროს იმ ადგილას. გამოძიებამ დაიწყო მოქმედებები, რათა დაედგინათ, ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ, წარუმატებლად. ის ადგილმდებარეობა და დრო, როცა ეს ადამიანი ჩანს, ეს გახდა საფუძველი რომ ინტერესი გაჩენილიყო, თუმცა, შესაძლებელია, რომ აქ არაფერი საეჭვო და შორს მიმავალი ეჭვები არ იყოს. უბრალოდ უნდა გაიფანტოს ეს ყველაფერი, ეს მაშინ მოხდება, თუკი გამოძიება ნახავს მას.

- ბატონო ზურაბ, ჩვენთან საუბარში თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ გამოძიებას სხვა მოწმეებიც ჰყავს, საუბარი იყო 4 მოწმეზე, რაიმე სახის ღირებული ინფორმაცია თუ მიაწოდეს მათ გამოძიებას?

- საკითხი იცით როგორ დგას? ეს პირი  სწორედ ერთერთია იმ ოთხიდან, ვიზეც ჩვენ ვიმსჯელეთ გამოძებასთან ერთად და დავადგინეთ და შევთანხმდით, რომ რა თქმა უნდა ჩვენ არ ვმონაწილეობთ დაკითხვებში და მათ შესახებ ინფორმაციების მოძიებაში, მაგრამ გამოძიებამ ასე  ვთქვათ დასახა გეგმები და ამოცანები, რომ შესწავლილიყო ამ ადამიანების მოქმედებების, გადაადგილება და დაკითხულიყვნენ კიდეც. ეს ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ რომ გითხართ რომ რაღაც გასაღები გამოჩნდა მათი დაკითხვის შედეგად, მართლა არ არის ასე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ არ იყო ეფექტურად ჩატარებული ეს ღონისძიებები. ვფიქრობ, რაღაც ეჭვები მაინც დარჩა. კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა გამოძიებას, ამაში რომ დავრწმუნდეთ, ცოტა მეტი უნდა გაკეთებულიყო გამოძიების მხრიდან. 

- ბოლო დროსი გახმაურებულ მკვლელობებს რაც შეეხება, როგორიც არის ხარძიანისა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობები. ბევრი ადამიანი მინიშნებებს აკეთებს ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. ოჯახის შინაგანი განწყობა როგორია, რას ფიქრობთ თქვენ, შეიძლება თუ არა ეს მკვლელობები ერთმანეთთან კავშირში იყოს? 

- მე ამ საქმესთან დაკავშირებით ის ინფორმაცია მაქვს რაც შეიძება რომ მქონდეს,  ვერ გეტყვით რომ დეტალურ ინფორმაციას ვფლობ, ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესებს, თუმცა, მე ძალიან გამიჭირდება, რომ რაიმე კავშირი დავინახო ამ პროცესებს შორის. მე შემიძლიაა ის ვთქვა, რომ სამივე საქმე არ არის ბოლომდე გამძიებული და სრული ინფორმაცია რეალურ მოტივებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ჯერჯერობით არ აქვს. ამ კონტექტში ალბათ ჰგავს ეს საქმეები ერთმანეთს, დანარჩენი ტექნოლოგიები, ინტერესები და მოტივები, ალბათ თითოეულს აქვს საკუთარი და ერთმანეთთან არ აკავშრებს. ტექნოლოგიებთან დაკავშრებით გეტყვით, რომ ვაზაგაშვილის საქმეში გამოკვეთილი ეჭვიმატილი ზუსტად იმ მეთოდოლოგიით გამოიკვეთა, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ რაიმე ინფორმაცია მოვიპოვოთ შესაძლო დამნაშავესთან დაკავშირებით ჩვენ საქმეში, ეს არის გენეტიკური კვალი და სატელეფონო საკითხიდან მოპოვებული ინფორმაციის თვალსაზრისით.