“მრავალეროვნული” სამხედრო ტექნიკა ავღანეთში
11:21:08     15-03-2011
ავღანეთში, პროვინცია ურუზგანის მრავალეროვნულ სამხედრო ბაზაზე, სხვადასხვა ქვეყნების იარაღის წარდგენა მოხდა. აქ განლაგებულ კოალიციის წევრ სახელმწიფოთა ჯარისკაცებს, რამდენიმე ტიპის იარაღი გააცნეს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ახალი ზელანდია, სინგაპური და ავსტრალია აწარმოებენ. “ეს იარაღი, ძირითადად, შაშხანები და მსუბუქი ტყვიამფრქვევებია,” განუცხადა მედიას აშშ-ის არმიის სერჟანტმა დევიდ ბერგმანმა.
სამხედროს განმარტებით, “ოპერაციების უმრავლესობა საერთაშორისო ძალისხმევით ტარდება. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნების იარაღების გაცნობა ჯარისკაცებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ, საჭირო დროს, შეგვხვდება სხვა ქვეყნის იარაღი, უნდა შეგვეძლოს რომ ავიღოთ და ვისროლოთ” – აღნიშნა ჯარისკაცმა.
არმიის მოსამსახურეთა აზრით, ასეთი პრაქტიკა სხვაგვარი გამოცდილებაა, ვინაიდან, მსგავს სიტუაციაში, თეორიულად და პრაქტიკულად, უკეთესად გაეცნობიან იარაღის დადებით მხარეებს და ნაკლოვანებებს. შემდეგისთვის იგეგმება მძიმე ტექნიკის გაცნობაც, რაც იმავე ბაზაზე განხორციელდება.