"ნაკანი ამბობს, რომ ზის კრიმინალებთან ერთად და მასზე ხორციელდება ზეწოლა"

  17:50:04     21-04-2015

ირმა ნადირაშვილმა და გედევან ფოფხაძემ გლდანის მერვე დაწესებულებაში სპეცრაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი მოინახულეს და მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ.

გაირკვა, რომ  ნაკანი საძილე არტერიის გადაჭრას გეგმავს, თუ მას მატროსოვის ციხეში არ გადაიყვანენ.

ირმა ნადირაშვილი: "კანონით მას ეკუთვნის, როგორც ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ წევრს, რომ იყოს მატროსოვის ციხეში. ის ამბობს, რომ ზის კრიმინალებთან ერთად და მასზე ხორციელდება ზეწოლა. ვენების გადაჭრის მიზეზი ყურადღების მიქეცევა იყო. ახლა ამბობს, რომ თუ კვლავ კრიმინალებთან ერთად ჩასვამენ ციხეში, საძილე არტერიას გადაიჭრის. მის სიცოცხლეზე მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას".

განცხადება გააკეთა  მმართველი კოალიციის წევრმა გედევან ფოფხაძემაც მისი თქმით, ნაკანიის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადება ყურადსაღებია.

"მას შეუძლია იყოს იზოლირებული სხვა პატიმრებისგან. მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ეს ვითარება მაინც გასათვალისწინებელია და უნდა იყოს ადამიანის უფლებები დაცული," - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა კახა ნაკანმა რამდენიმე დღის წინ, გლდანის მე- 8 დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა და ვენები გადაიჭრა.

„პრესა.ჯი“ აღნიშნულ საკითხზე ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძეს ესაუბრა.

დეპუტატი  კახაბერ ნაკანის მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს. რაც შეეხება 11 სპეცრაზმელისთვის წაყენებულ ბრალს, თარგამაძე ამბობს, რომ ისინი ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან.

„უნდა შეწყდეს დევნა რიგითი სპეცრაზმელების წინააღმდეგ“,- ამბობს ის.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, თარგამაძე ამბობს: „ამ ადამიანს ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა მისი ხელდასმულები მის მითითებას იზიარებენ“.

„პრესა.ჯი“ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსაც ესაუბრა, მისი თქმით, "გამოსავალი არ არის ვენების გადაჭრა და სუიციდის მცდელობა.

„ფაქტია, რომ კორტების სპეცოპერაციაზე სისხლი დაიღვარა და ამაზე ვინმემ პასუხი უნდა აგოს“,- აცხადებს დეპუტატი.

იმ ფაქტს, რომ კახაბერ ნაკანი სიუციდს გეგმავს ადასტურებს დაკავებულის ადვოკატი კახა შონია.  

ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება სადაც სხვა პატიმრების მხდრიდან განიცდის ზეწოლას.

- რა სახის ზეწოლაზე საუბრობთ?

- ამბობს რომ ამ დაწესებულებაში კრიმინალები ზიან და მასზე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას... როგორც ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ წევრს, კანონით მას ეკუთვნის რომ იყოს მატროსოვის ციხეში.

- საკანში ნაკანი სრულიად იზოლირებულია?

- დიახ, თუმცა პატიმრებმა ხომ იციან რომელ საკანშია მოთავსებული და მისი მისამართით იგინებიან და ყვირიან.

- წარდგენილ ბრალდებაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის.

პროკურატურის ინფორმაციით,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი:

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა;

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე;
შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე;

შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი;

სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.
ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ 2006 წლის 02 მაისს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის ხელმძღვანელი პირების კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.