დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
15:20:31     21-04-2015
საქმის არსებითად განხილვისას, 20 წლის ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში - გამოიყენა დუმილის უფლება.
როგორც "პრესა.ჯი"-ს საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითად განხილვისას საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ვინაიდან მიხეილ გრძელიშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, სასამართლომ მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 9 სასამართლო სხდომა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების 20 და დაცვის 2 მოწმე.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
35 წლის რეჟისორი დაჩი დარჩია 30 აგვისტოს გვიან ღამით, „სქაი ბართან“ მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, გრძელიშვილმა მას დანით ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული დანაშაულის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად გადატეხილი დანა ამოიღეს.
იხ. მთავარი პროკურატურის განცხადება:
"
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ გრძელიშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 30 აგვისტოს, ქ.თბილისში, ავლაბრის მიმდებარე ტერიოტორიაზე მდებარე „ერევნის სკვერში“ მიხეილ გრძელიშვილს შელაპარაკება მოუვიდა დაჩი დარჩიასთან, რა დროსაც მ. გრძელიშვილმა იგი წელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი დ. დარჩია სკვერიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით გაიქცა, თუმცა მას მ.გრძელიშვილი გაეკიდა და წელის არეში ჭრილობა კვლავ მიაყენა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაჩი დარჩია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, იმავე დღეს გარდაიცვალა. მ. გრძელიშვილი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი-დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მიხეილ გრძელიშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლით (ცივი იარაღის ტარება), შედეგად განესაზღვრა ცამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 7 ნოემბერს მიხეილ გრძელიშვილისთვის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქურდობა) დანიშნული სასჯელი - ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ბრალდებულს საბოლოო სასჯელად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა".