რა ჩვენება მისცა შალვა აბულაძემ პოლიციელების მკვლელობაზე?

  11:25:01     21-04-2015

რა წერია ჩვენებაში, რომელიც ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა შალვა აბულაძემ გუშინ ორთაჭალის ციხეში მისცა? მას 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

აბულაძის ადვოკატის ინფომრაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია უცვლელია - ის ბრალს არ აღიარებს. არჩილ ჩუბინიძის თქმით, კითხვები შეეხებოდა აბულაძის განცხადებას დაპატიმრების შემდეგ პოლიციის მიერ მისი ცემის შესახებაც.

როგორც „პრესა.ჯი“-მ გაარკვია, დაკითხვის პარალელურად მოხდა დაკავებულის დნმ-ის აღებაც.

„პრესა.ჯი“: რა წერია აბულაძის ჩვენებაში, რომელიც მან გუშინ მისცა...

- აბულაძის ჩვენება 8 გვერდიანია, ის ჩვენებაში დეტალურად განმარტავს იმ გარემოებებს, რაც მის უდანაშაულობას ამტკიცებს. მან ფაქტებით მიუთითა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ბორჯომში, ორ საცხოვრებელ სახლში, ანუ ხან ერთგან იმყოფებოდა, ხან - მეორეგან. ერთი მათგანი გახლავთ სახლი, სადაც ის აიყვანეს და მეორე ბორჯომის რაიონის ერთ-ერთი სოფელში არსებული მიტოვებულ სახლი. იანვრის დასაწყისიდან შალვა იმყოფებოდა ამ ორ სახლში, სამჯერ იყო თბილისში ჩამოსული, თუმცა ეს დრო არ ემთხვევა პოლიციელებზე თავდასხმის დროს.

დანაშაულის პერიოდში ის ამ სახლებში იმყოფებოდა და ეს მოწმეებით შეგვიძლია დავადასტუროთ.

- ბორჯომში დაჭრილი პოლიციელი აცხადებს, რომ მათ სწორედ აბულაძემ გაუხსნა ცეცხლი...

 - აბულაძე ამბობს, რომ ამ პოლიციელებს ის კარგად იცნობდა. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთი სკოლა აქვთ დამთავრებული და შეიძლება ითქვას, მეგობრული დამოკიდებულებაც კი ჰქონდათ. შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი, აბულაძეს ჰქონოდა ინტერესი, რომ ამ პიროვნებებს თავს დასხმოდა.

- თბილისში მომხდარ მკვლელობაზე რას ამბობს?
პროკურატურა ამბობს, რომ ჩანთაზე რომელიც გამოძიებამ ამოიღო, აბულაძის დნმ-ს კვალი აღმოჩნდა... 

- ამბობს რომ 4 აპრილს ის თბილისში არ ყოფილა და იყო ბორჯომში. ამ თემაზე მან მისი დაკავების შემდეგ გაიგო.

- როგორ? მკვლელობაზე რომელზეც მთელი საქართველო საუბრობდა შალვა აბულაძემ დაკავებისას შეიტყო...

- დიახ, მას არ ჰქონდა ტელევიზორი და ამიტომ ამ მკვლელობის შესახებ საერთოდ არ იცოდა.

 -,,ჭინტორას“ კრიმინალური გარჩევებზე რას ამბობს დაკავებული?

 - ჩვენებაში კონკრეტულ სახელზე საუბარი არ არის, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მეგობარს, რომელიც ახალი გამოსული იყო ციხიდან გაუჩნდა პრეტენზია აბულაძის მიმართ, რომ „კაი ბიჭების“ საქმე არ არის აქციების მოწყობაო და რა გინდოდა აქციაზეო. ამის შემდეგ მივიდა მის სახლთან და გინება დაიწყო.