ჟანრი ლოლაშვილის ნახატების მასშტაბური გამოფენა - ხელოვანის ნაკლებად ცნობილი ამპლუა

  17:26:52     18-04-2015

ჟანრი ლოლაშვილი - დაიბადა 1942 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

ჟანრი ლოლაშვილს შექმნილი აქვს  მრავალი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე. მან ითამაშა ფილმებში: “მწვანე მდელო”(რეჟისორი - ა. რეხვიავილი),  “მოხეტიალე რაინდები” (რეჟისორი - თ. ფალავანდიშვილი), “ერთაწმინდა” (რეჟისორი - ზ. თუთბერიძე),  “მოგზაურობა ქვეყნიერების დასასრულისკენ” (რეჟისორი - ა. მაიოროვი),  “ნუცა” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “ჩემი ინგლისელი პაპა ანუ რობინზონიანა” (რეჟისორები - ნ. ჯორჯაძე და ი. კვირიკაძე), “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე” (რეჟისორი - ლ. ღოღობერიძე),  “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” (რეჟისორი - რ. ჩხეიძე), “მიახლოვება” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “გზა შინისაკენ” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი), “დარჩი ჩემთან” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე), “ბაგრატიონი” (რეჟისორები - გ. ჭოხონელიძე და გ. მგელაძე), “საფეხურები” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “ჭა” (რეჟისორი - ჩარკვიანი),  “ცხელი ძაღლი” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე),  “სამი სახლი” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე)  და მრავალი სხვა.

მიღებული აქვს წოდებები და ჯილდოები:

1976 წ. - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი,

1979 წ. - სსრკ სახელმწიფო პრემია,

1981 წ. - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი,

2000 წ. - პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (,,კაცია- ადამიანი?!”, რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი”).

გარდა იმისა, რომ ის  აღიარებული მსახიობია, მისი შემოქმედებითობა და ნიჭი განსაკუთრებულად იგრძნობა მხატვრობაშიც. 

 " - თუ როლზე არ დამიძახებენ, ჩავალ ჩემს სახელოსნოში, დავდგები და ვხატავ.  ფიქრი იმაზე და ამაზე გამოგონილია, მეტაფორებია ჩვენი ცხოვრება,  ხელოვნებაში.  დაზუსტებული მცნებები ჩვენ არ გვაქვს, კრედოები. ჩემთვის მთავარია კითხვა - "როგორ?" და არა - "რა?"  ხატვის დროს ჩარჩოებს ცდები, როლის შესრულების დროს კი რეჟისორის მიერ დადგენილ წესებს ემორჩილები" - ამბობს თავად.

2015 წლის 22 აპრილს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გიწვევთ ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული წარმომადგენლის პერსონალურ გამოფენაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული 80–მდე ნამუშევარი, რომელთაც ჟანრული დიაპაზონის გარდა შესრულების მკვეთრად გამოხატული, ინდივიდუალური მხატვრული მანერა გამოარჩევს. 

ჟანრი ლოლაშვილი 1959 წლიდან ხატავს. მას გამოფენები ჰქონდა გერმანიასა და რუსეთში (საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში). საქართველოში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა ასევე ერთი პერსონალური გამოფენა. 

მიუხედავად ამისა, ეს იქნება პირველი მასშტაბური ექსპოზიცია, რომლითაც ფართო საზოგადოება ჟანრი ლოლაშვილს როგორც მხატვარს ისე გაიცნობს. 

გამოფენა 2015 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდება.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.


წარმოგიდგენთ ჟანრი ლოლაშვილის რამდენიმე ნამუშევარს: