ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები
11:05:53     17-04-2015
"პრესა.ჯი"-სთვის ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები გახდა ცნობილი. ხაშურში მდებარე ერთ-ერთ ტოტალიზატორთან 32 წლის მამაკაცი მიხეილ გელაშვილი ცივი იარაღით მოკლეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც ხაშურის გამგებელმა გიორგი გურსაშვილმა გვითხრა, გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.
"პრესა.ჯი": რა იცით გუშინ მომხდარ მკვლელობაზე?
გამგებელი: მოხდა საზარელი მკვლელობა, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.
- რას უკავშირდება მკვლელობა?
- ეს სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ. ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთმანეთს იცნობდნენ. ორივე ნასვამ მდგომარეობაში იყო. შემთხვევა კი ე.წ გარჩევისას მოხდა. მკვლელობის მოტივზე არაფერი ვიცი.
- ეჭვმიტანილი დაკავებულია?
- კი, როგორც ვიცი ის გუშინვე აიყვანეს.
იხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება:
"შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული ჯუდუ ო. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ხაშურში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, 1982 წელს დაბადებულ მიხეილ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჯუდუ ო. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ხონში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს".