მთიელთა საბრძოლო სტილი - ხევსურთა საბრძოლო სისტემათა შესახებ
16:35:42     16-04-2015
მიზეზ – შედეგობრივ კავშირთა ხლართებზე ამჯერად აქ არ შევჩერდებით.
დასაწყისში აღნიშნული ტერიტოიული ხელშეუხებლობის დაცვა კი მამულიშვილთა, მიწა-წყლის კაცური პატრონის წყალობით მოხდა. ჩრდილო საზღვრის მითითებულ მონაკვეთზე, ოთხივე არაგვის, იორის და ნაწილობრივ ალაზნის სათავეებთან ისტორიულად სახლდებოდნენ ხევსურები, ფშავლები, თუშები, მოხევეები და ზოგიერთი სხვა ქართული ტომები, რომელთა არსებობის უმთავრესი მიზანი და პრინციპი იყო – უყოყმანო სიკვდილი მამულის დასაცავად.
როგორ, რა საშუალებებით და მეთოდებით ახერხებდნენ ქართველი მთიელები
თითქმის შეუძლებლის შეძლებას, ურიცხვი ურჯულოს მოგერიებას? ამ წიგნის
მიზანი, უპირველესი სათქმელი ისაა, რომ დღევანდელ საქართველოს არანაკლებ
სჭირდება სიმტკიცე, მამაცობა, თავდადება, ვიდრე მაშინდელ მამულიშვილთ.
ამიტომ ფრიად მნიშვნელოვანია დღეს ამ ცოდნა-უნართა გახსენება, დაუფლება და
თითოეულ ქართველში მამულიშვილის, მიწა-წყლის პატრონის აღზრდა, რადგან ამ
კრიტერიუმებს ეს ხალხი ეუფლებოდა ორი მთავარი ასპექტით: ფიზიკური წრთობით –
მხედრული დაოსტატებით და სულიერი რწმენით – მორალური სიმტკიცის
გამომუშავებით.
წარმატებულ მეომრად ვაჟკაცის ფიზიკური მომზადება გაპირობებული იყო
სპეციალური საწვრთნელი ღონისძიებების ურთულესი კომპლექსით, რაც
ხორცილდებოდა ვაჟის დაბადებიდან სიკვდილამდე. ბავშვობისას ეს ღონისძიებები
ატარებდა თამაშის(მხედრული შინაარსის) სახეს, დავაჟკაცებიდან კი ნამდვილ
წვრთნა-ვარჯიშ-შეჯიბრის ფორმას ნამდვილი საბრძოლო(ცივი და ცეცხლსასროლი)
იარაღის გამოყენებით. ეს საქმიანობა მიმდინარეობდა იარაღის
ასაკობრივ-ეტაპობრივი გაცნობა-დაუფლების პირობებში; საწვრთნელი ვარჯიშების
თვით ისეთი უკიდურესი ფორმების გამოყენებითაც, როგორიც იყო ხევსურული
შუღლი. უპირატესად, ამავე დანიშნულებისა იყო ისეთი ყოფითი ტრადიციების
მტკიცედ დაცვა, როგორიცაა ცხენ-მხედარნი, ყაბახი და სხვა.
ფიზიკური წრთობის ერთ-ერთი პირობა იყო თვით ცხოვრებისეული გარემო – ბუნების
რთულ პირობებთან ადრეული ბავშვობიდან(5-6 წელი) მუდმივი ჭიდილი.
ორგანიზმის წრთობასა და გაძლიერებას ხელს უწყობდა ყოველდღიური სამუშაოს
შესრულება: ზამთარ-ზაფხულობით წვრილფეხის(ხაბარების) მწყემსობა, საქონლის
სისტემური მოვლა, ხვნა-თესვა, თიბვა-მკა, შეშის დამზადება, საშემოდგომო
გულება, წყალ-სარუე – წისქვილის მოვლა, ცელის, ნამგლისა და სხვა იარაღების
ხმარება. ყველაფერი ეს მუდმივი ფიზიკური ფორმის შენარჩუნების ეფექტური
საშუალებაა.
ხევსურეთში ძალიან გავრცელებული იყო საჯილდაო ქვა – იგივე “ხელის ქვა”.
თითქმის ყველა სოფელს ჰქონდა საერთო თავშეყრის ადგილებში(საფიხვნო და სხვა)
სპეციალურად შერჩეული, სწორკუთხედის ფორმის ბრტყელი ქვა -საშუალოდ, 1
ფუთამდე წონისა. ამ ქვის ტყორცნით(სარევით) იმართებოდა სისტემატიური
შეჯიბრი დასვენების ჟამს და აგრეთვე საერთო ხალხობაში(ჭირ-ლხინის
დღეებში).მასში მონაწილეობდნენ არა მარტო თემ-სოფლის წარმომადგენლები,
არამედ სტუმრებიც.
თავისი ხელისქვა(მცირე ზომის) ჰქონდა ახალგაზრდობასაც(15-20 წლისას)
შეჯიბრში გამარჯვებული საერთო ქებისა და პატივის საგანი იყო ხოლმე; საგანგებოდ სვამდნენ მის სადღეგრძელოს.
ქვის ტყორცნა ხდებოდა სხვადასხვა ფორმით(ადგილზე – ხაზზე დგომით, ან მცირე
გარბენით), ამასთან, ზუსტად ერთი და იგივე ნორმის დაცვით. შეჯიბრი იყო,
როგორც მარჯვენა ხელით, ისე მარცხენითაც(ორგანიზმის ჰარმონიული
განვითარების მიზნით). სხვათაშორის სამეურნეო საქმიანობას (მკა, ხვნა,
ცულის, წერაქვის, ნიჩბის და ა.შ) თავიდანვე ორივე ხელის მონაცვლეობით
ასწავლიდნენ უფროსები უმცროსებს – ასევე იარაღის ხმარებასაც.
1942-45 წ.წ. ბარისახოს შუა მოედანზე ეგდო ვიღაცისათვის ჩამორთმეული 2 დიდი
დოლავი9წისქვილის ქვა). ხალხმა, ახალგაზრდობამ ეს ქვა აქცია თავისებურ
ასაწევ სიმძიმედ(საჯილდაო ქვად) – მძლეოსნობაში შეჯიბრების საგნად. დიდ
ძალად ითვლებოდა წისქვილის ქვის მიწიდან აშორება. კოტორელთ ბაჭყიამ
(დათვისელი არაბული) ისე ძლიერად ასწია ეს ქვა, რომ მეორე ქვაზე შემოდგა.
იქიდან წისქვილის ქვა გადააგდო ისევ ძირს, მიწაზე, დააგორა დამრეც
მინდორზე; ვერავინ შეძლო არა მარტო შეჩერება, არამედ
გადაქცევაც(თავდაპირველად ის ნელა მიგორავდა უამრავ მაყურებელს შორის),
გადაიარა ბარისახოს პატარა მინდორიც, გადაეშვა მდინარე არაგვში, იქ
მდინარის პირზე გამავალი ელსადგურის არხის ჩამკეტ-გამშვები კარის ბოჭს
დაეჯახა და დააზიანა იგი(გადაღუნა). ელსადგურის დირექტორმა გოგია
ლოთიკაშვილმა 1 ძროხით დააჯარიმა ამისთვის ბაჭყია, წისქვილის ქვა კი მრავალ
წელს ეგდო მდ. არაგვში.
ვაჟ-სავაჟიოს მამაც კაცად მომზადებისას არანკლები ყურადღება ექცეოდა
სულიერ-მორალურ აღზრდას. დაწყებული ვაჟის დაბადებიდან პრიმატის საგანგებო
აღნიშვნით – საღვთოს გადახდით, მთელი სიცოცხლის მანძილზე ამ იდეის
დომინირებით, – მემკვიდრედ, მამულის პატრონად მხოლოდ ვაჟი იგულისხმებოდა, –
ქალი ზოგიერთ კუთხეში შვილადაც არ ითვლებოდა. 5-6 ქალის მშობელიც კი უბედო
კაცად მიაჩნდათ, თუ ვაჟი არ ჰყავდა.
შემდეგ, ზრდის პროცესში ყველა ზომა მიმართული იყო მომავალ მამაკაცში
სიმტკიცის, სიმარდის დანერგვა-გამომუშავებისთვის. ვაჟის უპირველესი ღირსება
იყო სიმამაცე, ყველაზე დიდი ნაკლი კი – მშიშრობა, სიმხდალე. მთავარი
სახელი კაცისა ომში, ბრძოლაში სიმარჯვე, უშიშრობა და მტრის გადანდგურება
იყო. თუ ჩვეულებრივ კაცის კვლა უდიდეს ცოდვად ითვლებოდა(ქრისტიანული
დოგმა), ომში ვინც ყველაზე მეტ მტერს გაანადგურებდა, სახელიანი ის იყო.
სახელიან ყმას დღეობაში9საჯვარო რიტუალზე) უდგამდნენ საპატიო თასს, ჩხუტს
და თვით საკარგყმოს. ასეთი ვაჟკაცი საერთო ქებისა და პატივისცემის საგანი
იყო ყველგან.
ბრძოლაში გმირულად დაღუპული მამაცი, ისტორიულ გმირად, საყოველთაო დიდების
საგნად იქნებოდა აღიარებული; ამდენად, ბრძოლაში სიკვდილი არა თუ შიშისა და
მწუხარების, არამედ უდარდელობის და თვით თავისებური მისწრაფების საგანიც კი
იყო!
საქვეყნო სახელის მოხვეჭის შემდეგ გმირი იქცეოდა საერთო ქების,
პატივისცემისა და მიბაძვის საგნად. შთამომავლობა კი სამარადჟამოდ ამაყობდა
ღირსეული წინაპრის სახელითა და არცთუ იშვიათად გვარის მამამთავრადაც
აღიარებდა მას. ასეთი გმირები იყვნენ: მამუკა ქალუნდაური, ნადირა
ხოშარაული, მარტია მისურაული, აბა ჩაცხური, ხახიკის ხახონი და მრავალი
სხვა. მათი საქმეები მისაბაძი იყო ყოველი ხევსური ჭაბუკისთვის და ამ სულიერ
სიმდიდრეს უნდა შერწყმოდა ფიზიკური სრულყოფა, რაც არსებითად ხორციელდებოდა
კიდეც.
დღეს აუცილებელია მივიწყებულის, მიჩქმალულის გახსენება, გამომზეურება.
ვფიქრობთ, მანამ არაფერი ეშველება ჩვენს ბეჩავ სამშობლოს, სანამ თითოეული
ქართველი არ გაითავისებს ამ ადათ ადათ-წესების მთავარ იდეალს.
(წყარო: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ვანო ლიქოკელი).