რაინდის, ვაჟკაცის ხატი მთიელებში

  16:27:53     16-04-2015

კაი ყმის უპირველეს ღირსებად ხალხს მამულის სიყვარული მიაჩნდა. შეიძლება, კაცი არ იყოს  ფიზიკურად ძლიერი, არც ხმლის ჩაუქად ხმარება იცოდეს, არც თოფის „ლიშანში“  სროლა, მაგრამ სამშობლოს ღალატი არავის ეპატიება:

„ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს მამული, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდა ბუზივით ეხვიოს თავზე მტერია,
არ გადიწყვიტოს იმედი, არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაჰგმობს და დასწყევლის მოძმე ერი და ბერია.“
„…მტერსა რომ მტრობას უწევდეს – ვაჟკაცის შესაფერია.
ვისაც მტრის მტრობა აშინებს, ქვეყნად ის არაფერია.
არც მაუხდება აბჯარი, არც ომში წასასვლელია,
არც ვაჟკაცების ხსენების, არარად ჩასათვლელია.
უნდა გაზარდოს დედამა ვაჟი მტრის გამჯავრებელი,
აუგის მთქმელი არ იყოს, არც ფეხის დამწყნარებელი,
არც აშინებდეს სიკვდილი, სიცოცლის გამმწარებელი.“

 საგმირო-სახოტბო ტიპის ლექსებში აღწერილია გმირთა გარეგნობა; შემკულია ვაჟკაცის თვისებები და სულიერი სილამაზე. ხალხურ პოეზიაში ხშირად გამოჩნდება ხოლმე ქალთა სახეები, რომლებიც ნატრობენ თავიანთთვის სასურველ სატრფოებს:

„ნეტა რა დედამ გაგზარდა ეგეთი მშვენიერიო?
ზრდილი, ქველ-გმირი, მამაი, ბრძენი და გონიერიო.
გიხდება ბრტყელი მხარ-ბეჭი, წვრილი, წერწეტა წელიო,
ტურფა სახეზე თვალ-წარბი, შავი ულვაში, წვერიო,
მოძმისთვის თავის გაწირვა, საჭირნახულო დღენიო,
იარაღთ ჩაწკიპულობა, ცქვიტი, ფრინავი ცხენიო, –
გული ამაყი, ფოლადი, მკლავი მტრებისა მსვრელიო.“

საგმირო ლექსებში ასახულია სპარსელთა და თურქთა შემოსევები, ლეკიანობა, ქისტებთან და სხვა უცხო ტომებთან შუღლი, რაც საუკუნეთა მანძილზე აფორიაქებდა ქართველ მოსახლეობას. მტრის ასეთი მოძალება განსაკუთრებული სიმძლავრით აქვს აღწერილი დავით გურამიშვილს „დავითიანში“:

„თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!…“

გმირის იდეალი ზოგჯერ წარმომავლობის მიხედვითაა დაკონკრეტებული. თითოეულ გვარს თავისი ისტორია, წარსული, ტრადიცია, ღირსება გააჩნია და ცდილობს არ შეარცხვინოს, არ შელახოს იგი. დროთა ვითარებაში ხალხი გამოარჩევდა ვაჟკაცობითა და სიკეთით გამორჩეულ გვარს.

ხშირად ლექსებში დასახელებული გმირები, ისტორიული, რეალური პიროვნებები არიან, რომლებიც შემდგომ ხალხის წარმოდგენაში ლეგენდარული ელფერით იმოსებიან. ასეთებია: ფშაველი კუკუმაური, თუში ლუის ლუხუმი, ხევსური ხოგაის მინდია, ღაჭაური, უშიშა წიკლაური, უშიშა ოჩიაური, გუდამაყრელი ბუბუნაური, მოხევე ღუდუშაური, უთურგას გიორგი, ხალიაისძე, გარა თურმანაული, თუში ზეზვა გაფრინდაული, ალუდაური და მრავალი სხვა.

„მითხოვს ალდი სჯობს მამაცად, ხევსურებს – ხოშარაული,
თუშებს სჯობს გაფრინდაული, ფშავისხევ – კუკუმაური,
გუდამაყარ სჯობ დიდება, მახევეთ – ღუდუშაური,
ხმლის ქნევით, ფარის ფარებით – ბერდია მამუკაური.
კაცზედ ვინ მივა პირდაპირ? – მარტია მისურაული!
კაცსა ვინ მოჰკლავს ფიცხლადა? – ხირჩლაი ბაბურაული!
კაცსა ვინ გასჭრის ოხრადა – აბაის ბაწარაული!
ჩაჩვერავს ცხვარსა, ცხვარ-მწყემსსა ახალა შუქიაური,
ცხვარზე ვინ ჩავას პირდაპირ? – გამახელ თემროზაული!“

ამ გმირებზე მრავალი ლექსია შექმნილი. ესენი ის ვაჟკაცები იყვნენ, რომელთაც იცოდნენ, რომ „ერთხელ მოცემულ სიცოცხლეს ორჯერ ვინ ნახავს თვალითა“ და ამიტომ მიაჩნდათ: კაი ყმა უანგარო უნდა იყოს და  „ებრალებოდეს გლახაკი, მოყვარე იყვეს ღვთისაო.“

„იარე ბიჭო წავიდეთ,
გზა შევკრათ ჩვენი მტრისაო,
ტყვეები გავაყრევინოთ,
მადლი გვეყოფა სხვისაო.“

„ხალხის ფიქრით, გმირს, ვაჟკაცს, კაი ყმას თავს არწივი, ზოგჯერ მტრედი დასტრიალებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ მას მფარველობს ჯვარი, ხატი; აი, რას წერს ვაჟა-ფშაველა თავის მოთხრობაში „ბერიძე გაუტეხელი““;.. „ხალხი ხევისბერ ბერიძეზე ამბობდა, როცა გაემართებოდა სალაშქროდა, წაუძღვებოდა წინ ლაშქარს ხელში დროშით ქისტების დასარბევად, ან სახლიდან ხატში წავიდოდა სამსახურის ასასრულებლად, – მუდამ ხევისბერს ცაში დაჰბრნავს უზარმაზარი არწივიო და არც დაანებებს თავს, ვიდრე დანიშნულ ალაგს არ მიაღწევსო“.. ასეთი პიროვნება დავლათიანად, ანუ ღვთის მადლით დაჯილდოვებულადაა მიჩნეული – მისი საშუალებით უზენაესი საყმოებს გადასცემს თავის ნებას.“