"ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი და არ დავუშვებთ ვინმემ ბრმა იარაღად გამოგვიყვენოს"

  12:59:49     15-04-2015

საყდრისის გადარჩენის კომიტეტი ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატს კობა ნაყოფიას შანტაჟში ადანაშაულებს და იმედოვნებს, რომ მას სამუდამოდ გააჩუმებენ.

გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში, რომელიც საყდრისთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებს ეხება, მამალაძემ აღნიშნა, კომიტეტის წევრებისთვის ცნობილია, რომ ნაყოფია "RMG ჯგუფს" აშანტაჟებდა და ირწმუნებოდა თითქოს მათი გაჩერება შეეძლო.

"ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ჩახტა ნაყოფია საყდრისთან დაკვშირებით მომზადებულ სიუჟეტში. ეს სრულიად უადგილო განცხადება იყო, რომელმაც ზიანი მოგვაყენა ჩვენ.  ჩვენ ვიცავთ კულტურულ მემეკვიდრეობას, ხოლო ნაყოფია გამოდის ამ ფონზე და დაკარგულ წილებზე და რაღაცის დაბრუნებაზე ლაპარაკობს. გაუგებარია, რატომ მოხდა ამ ორი თემის ერთად წარმოჩენა, ფაქტია, რომ ის მოემზადა ამ კომენტარისთვის და ეს რაღაცნაირად ერთად შეიფუთა", - განაცხადა "ალიასთან" საუბრისას მამალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კობა ნაყოფია საყდრისის კომიტეტის წევრებს თავად დაუკავშირდა და საბადოსთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციები გაანდო.

"გვქონდა რამდენიმე შეხვდრა და სატელეფონო საუბრებშიც ჩვენ გვეუნებოდა, რომ კომპანიიდან წამოსული იყო და მას არანაირი წილები და კავშირი საყდრისის ბორცვთან არ ჰქონდა. ახლა კიდევ საუბრობს რაღაც ვალდებულებებზე. ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ნაყოფია ორმაგ თამაშს თამშობდა. კერძოდ ის, რომ კობა ნაყოფია ჩვენთან შეხვედრებს იყენებდა და კომპანიის ახალ მენეჯმენტს არწმუნებდა, რომ თითქოს მას შეეძლო ჩვენი კონტროლი, მეორეს მხრივ კი ჩვენ გვარწმუნებდა, თითქოს მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა კომპანიასთან. იმედი მაქვს გაემიჯნებიან მის განცხადებებს და გაჩუმებენ ამ კაცს სამუდამოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავემიჯნებით ყველა პარტიას და იმ ადამიანებს, ვინც საყდრისის თემას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ეს საყდრისის კომიტეტის მტკიცე პოზიციაა", - განაცხადა მამალაძემ.

საყდრისის კომიტეტის წევრი არ უარყოფს, რომ კობა ნაყოფიასთან დაკავშირებით წევრებს შორის დაპირისპირება და უთანხოება იყო და აღიარებს, რომ ბოლნისის მაჟორიტართან შეხვედრა შეცდომა იყო.

"ეს შეხვედრა რა თქმა უნდა შეცდომა იყო და ვაღიარებ, მაგრამ ეს კაცი თავად იყო მოწადინებული და რაღცნაირად დამნაშავედ გრძნობდა თავს. იცით, თითქოს ცდილობდა თავისი დანაშული გამოესყიდა, აი, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როცა მას შევხვდი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ დღეს ის უკვე წილების დაბრუნებას და ვალდებულების შესრულებას სთხოვს კომპანიას და ჩვენს სახელს იყენებს ირიბად. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი. არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ბრმა იარაღად გამოგვიყენოს", - განუცხადა "ალიას" მამალაძემ.