ადვოკატი: აბულაძეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ სამართალს ვერ იპოვიდა...
15:01:57     14-04-2015
ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე წარდგენილ ბარლდებას არ აღიარებს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ პოლიციელები მას არ მოუკლავს. ის მხოლოდ იარაღის ტარების ფაქტს აღიარებს.
რაც შეეხება მიმალვის ფაქტს, აბულაძის ადვოკატი ამბობს, რომ 26 წლის ბრალდებულმა მიმალვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.
„პრესა.ჯი“: როგორც ცნობილია, ბრალდებულს შეხვდით, რას ამბობს შალვა აბულაძე?
- მითხრა, რომ არ აღიარებს პოლიციელის მკვლელობას და თავს დამნაშავედ მხოლოდ იარაღის უკანონოდ ტარებაში სცნობს. ამბობს, რომ ეკუთვნის დაკავების დროს ამოღებული მაკაროვის სისტემის იარაღი და ხელყუმბარა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული გლოკის სისტემის იარაღი კი მას არ ეკუთვნის. შალვა აბულაძე ასევე აცხადებს, რომ მას პოლიციელების მკვლელობაში არც ბორჯომში და არც თბილისში მონაწილეობა არ მიუღია. აბულაძის განცხადებით, პოლიციელების მკვლელი თავისუფლად დაიარება.
- მაშინ როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, სამი თვის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა?
- მე არაფერს არ ვხსნი, მე ვარ ადვოკატი და ვახმოვანებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებას...
- შეხვედრისას ეს ლოგიკური კითხვა არ გაგიჩნდათ?
- მე მაქვს ჩემი კითხვები და ვღებულობ მათზე პასუხებს. რაც სეეხება მის პოზიციას ამ საკითხზე, აბულაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისგან განიცხის ზეწოლას, არსებობს პროვოკაციები აბულაძის სიცოცხლის ხელყოფის განზრახვით მოწყობილი. როდესაც ტელევიზიით ცნობილი გახდა, რომ აბულაძეს ბორჯომში ჩადენილ მკვლელობაში სდებდნენ ბრალს ცხადია მას გაუჩნდა საფუძვილიანი შიში იმისა, რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვიდა. მამუკა ხაზარაძის მხრიდან ზეწოლაზე ეს პიროვნება საგაზეთო ინტერვიუებში საუბრობდა. განცხადებები აქვს შეთანილი პოლიციაში, პროკურატურაში და კანცელარიაში, მაგრამ ეს განცხადებები ყურად არ იღეს. ამ ფონზე კი აბულაძემ დამალვა გადაწყვიტა, მანამ მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა.
- თქვენ ახსენეთ, რომ აბულაძეს დაზიანებები აღენიშნება, რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული მას, ვინ და როდის გაუსწორდნენ ბრალდებულს?
- მისი დაკავების ოქმში მითითებულია, რომ მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა ფეხის არეში, ნაკაწრების სახით. თუმცა როცა აბულაძე სასამართლოზე წარსდგა, ის იყო სასტიკად ნაცემი და დაუძლურებული, სახის მიდამოში აღენიშნებოდა სილურჯეები, დაზიანებები აქვს სხეულის სხვადასხვა მიდამოში. იზოლატორში მისთვის ფიზიკური დაზიანებები არ მიუყენებით, მისი ცეემა და წამება განხორციელდა დაკავების შემდეგ იზოლატორში მოთავსებამდე.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 აპრილს რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცავებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ასევე ორი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე იგივე „შალალო“ დააკავეს.
ეჭვმიტანილი მშობლიურ მხარეში, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, თავისი სახლის მეზობლად, მიტოვებულ ორსართულიან სახლს აფარებდა თავს, მას თან ასაფეთქებელი ნივთიერება და იარაღები ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აბულაძე 8 აპრილამდე თბილისში იმალებოდა და ტაქსით გადადგილდებოდა, სწორედ ერთ-ერთი მძღოლის ჩვენება დაეხმარა პოლიცილებს ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის განსაზღვრაში.
8 აპრილს აბულაძემ თბილისში ტაქსი გააჩერა. პარიკი ეკეთა, თუმცა, მძღოლმა ძებნილს მიამსგავსა. მას მძღოლისთვის უთხოვია, მაღაზიაში შედი, წყალი და სიგარეტი მიყიდეო. არც ის დაუმალავს, რომ ძებნილი იყო. მძღოლს უყიდია სიგარეტი, მაგრამ უთხოვია, მანქანიდან გადადი, შარში ნუ გამხვევო. აბულაძე დიდუბის ტერიტორიაზე გადასულა მანქანიდან. 9 აპრილს კი პოლიციას ბორჯომის ერთ-ერთმა მკვიდრმა აცნობა, რომ აბულაძე ქალაქში ნახა.
10 აპრილს, დილით სპეცრაზმმა შენობას ალყა შემოარტყა და ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების სპეც ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შალვა აბულაძეს ბრალი ედება: პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის, მოსპობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მუხლებით.
ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
იხილეთ შს სამინისტროს ოფიციალური განცხადება:
"2015 წლის 4 აპრილს, ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, შემოწმების მიზნით გაჩერებისაკენ მოუწოდეს მოქალაქე შალვა აბულაძეს, რომელიც თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ვარკეთილის მეტროსადგურის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შეჩერების მოწოდებისთანავე, შ. აბულაძემ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დღემდე მოთავსებულია N1 კლინიკურ საავადმყოფოში.
ამასთან 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძე, 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნება. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.
2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ. თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა".