სასწრაფოდ: შალვა აბულაძე დაკავებულია

  11:05:11     10-04-2015

გავრცელებული ინფორმაციით, ძებნილი შალვა აბულაძე ბორჯომში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. "პრესა.ჯი" შინაგან საქმეთა და მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა უწყებების პრესსამსახურებში აცხადებენ, რომ  აბულაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ ვერ ადასტურებენ.

ბორჯომელები კი აცხადებენ, რომ აბულაძე გაძლიერებული დაცვით სამართალდამცავებს თბილისში ამ წუთებში გადმოჰყავთ. მისი აყვანა კი ბორჯომში ერთ-ერთი მიტოვებული სახლიდან მოხდა. 

"პრესა.ჯი" შალვა აბულაძის დას დაუკავშირდა, როგორც სალომე აბულაძემ განაცხადა მისთვის მისი ძმის დაკავების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. 

"ღმერთმა ქანას დააკავონ",- აღნიშნა მან. 

2015 წლის 4 აპრილს, ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, შემოწმების მიზნით გაჩერებისაკენ მოუწოდეს მოქალაქე შალვა აბულაძეს, რომელიც  თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ვარკეთილის მეტროსადგურის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შეჩერების მოწოდებისთანავე, შ. აბულაძემ  მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დღემდე მოთავსებულია N1 კლინიკურ საავადმყოფოში.

ამასთან 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძე, 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნება. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის. 
2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ. თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა.