დაცხრილა თუ არა მანანა კობახიძის ბიძაშვილმა პოლიციის შენობა?
16:00:30     08-04-2015
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, საჩხერის პოლიციაში თბილისიდან გენ. ინსპექციის წარმოდადგენლები ჩავიდნენ. ისინი ამ წუთებში პოლიციის უფროსს რევაზ (ზეზვა) კობახიძეს ესაუბრებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა გვიან ღამით პოლიციის შენობა დაცხრილა. არაოფიციალური ინფორმაციით, ის ნასვამ მდომარეობაში იყო.
თავად კობახიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, მისი თქმით, მას "ბევრი მტერი" ჰყავს.
„მტრების მოგონიალია... იარაღის ტარება არც მიყვარს. აგერ არის იარაღი, ახალი აღებული მაქვს და ერთი ტყვიაც არ არის გასროლილი. როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიციის უფროსი შენობას იარაღს ესვრის? ჩემს ხასიათში, ჩემს ადამიანობაში ესეთი რამე არ ჯდება“,- აცხადებს ზეზვა კობახიძე, რომელიც ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ბიძაშვილია.
„პრესა.ჯი“ ინფორმაციის გარკვევას განყოფილებაში შეეცადა. მორიგის ინფორმაციით, „შენობა დაცხრილული არ არის“.
კითხვაზე ჰქონდა თუ არა პოლიციის უფროსის მხრიდან შენობის მიმართულებით გასროლას ადგილი მორიგე ინსპექტორმა არ უპასუხა.
„ბატონი კობახიძე ამ წუთებშიც სამსახურშია, მას სტუმრები ჰყავს. სხვა კითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, მიმართეთ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს“,- განაცხადა მან.
პრესა.ჯი საჩხერის გამგებელს, მალხაზ ბაზაძესac ესაუბრა. მისი თქმით ინფორმაცია მისთვის ცნობილია, თუმცა დადასტურება არ შეუძლია.
„როგორც ვიცი ამ ფაქტს გენ.ინსპექცია სწავლობს. ფაქტის დადასტურება არ შემიძლია, რადგან პირადად არაფერი მინახავს, ინფორმაცია მეც ჟურბალისტებისგან გავიგე“,- აღნიშნავს გამგებელი.
რაც შეეხება შს სამინისტროს, გომელაურის უწყებასი აცხადებენ, რომ ფაქტს შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს