ორმა ბიჭმა ექვსი გოგო სცემა? რა მოხდა 2 დღის წინ რესტორან „ნაფეტვრებთან“

  11:12:41     08-04-2015

შინაგან საქმეთა სამინსიტროში „პრესა.ჯი“-ს არ დაუდასტურეს რესტორან „ნაფეტვრებთან“ ახალგაზრდა ქალბატონების ცემის ფაქტი.

„ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, უთანხმოება ტაქსის გამოძახებას მოჰყვა, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.  ქალბატონებს საჩივარი არ შეუტანიათ, შესაბამისად,  სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა“,- აცხადებენ უწყებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნაფეტვრებში“ ვახშმობის შემდეგ ექვსმა გოგონამ ტაქსი გამოიძახა. ადგილზე მისულმა ტაქსის მძღოლმა გოგონებს დაურეკა და უთხრა, რომ მანქანაში ორი მამაკაცი ჯდებოდა და დაინტერესდა, იყვნენ თუ არა ეს მამაკაცები მათთან ერთად. რესტორნიდან გარეთ გასულმა გოგონებმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს მიუთითეს , რომ ტაქსი მათი გამოძახებული იყო, რასაც მამაკაცების მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები და მუქარა მოჰყვა, რომ თუ ისინი „ტლიკინს“ არ მორჩებოდნენ „იცემებოდნენ“. მათ გოგონებს მანქანაში ჩაჯდომა აუკრძალეს. მამაკაცების მოწოდებას გოგონები არ დაემორჩილნენ და ერთ-ერთი მათგანი ტაქსიში ჩაჯდა, რა დროსაც მამაკაცმა მას ცემა დაუწყო და მანქანიდან მისი გადმოთრევა სცადა. გოგონას დახმარება მისმა მეგობრებმა სცადეს, რა დროსაც მამაკაცები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩხუბში ტაქსის მძღოლი არ ჩარეულა. გოგონებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა პოლიციალებმა გოგონები ჩვენების ჩამოსართმევად განყოფილებაში გადაიყვანეს.

„პრესა.ჯი“ რესტორნის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა „ნაფეტვრების“ ადმინისტრატორმა ამ თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ვადასტურებთ, რომ იყო პატრული მოსული, სხვა არაფერი ვიცი „- აღნიშნა მან ჩვენთან საუბრისას.