აშშ - იარაღის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი
10:45:59     14-03-2011
სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა იარაღის მსხვილი იმპორტიორების სია გამოაქვეყნა. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს პრესი” იუწყება.
როგორც ირკვევა, 2006 წლიდან 2010 წლამდე პერიოდის სიას სათავეში ინდოეთი უდგას. ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელ ხუთ წელიწადში, ინდოეთმა იმპორტი 21 პროცენტით გაზარდა.
ინდოეთის მთავარ იარაღის ექსპორტიორად რუსეთი ითვლება, რომელზეც მიწოდების 82 პროცენტი, ძირითადად, საავიაციო ტექნიკა მოდის.
მეორე ადგილზე სიაში ჩინეთი და სამხრეთ კორეა გავიდნენ, მესამე ადგილი კი პაკისტანმა დაიკავა.
იარაღის მსხვილ ექსპორტიორად რჩება ამერიკის შეერთებული შტატები, რომელზეც მსოფლიოს შეიარაღების ექსპორტის 30 პროცენტი მოდის. ამერიკული შეიარაღების ძირითად მყიდველებად აზიის და წყნარი ოკეანიის ქვეყნები ითვლებიან.
სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტი 1966 წელს დაფუძნდა. მისი ბიუჯეტის 50 პროცენტს შვედეთი აფინანსებს.