ექსკლუზივი - გლდანში ერთ ღამეში სამი ავტომობილი გაქურდეს
11:09:43     03-04-2015
სამი ავტომობილი გაქურდეს ერთ ღამეში გლდანში. შემთხვევა მე-3 მიკრორაიონში მოხდა. ჩვენი წაყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი ქალაქ თბილისის მერიის საკუთრებაა.
„შემთხვევა გვიან ღამით, მოხდა. გაძარცვულია სამი ავტომობილი, „გოლფის“, „მერსედესის“ და „კიას“ მარკის. „კია“ ქალაქ თბილისის მერიას ეკუთვნის. „მერსედესის“ მანქანიდან კი 58 ლარი და მართვის მოწმობა წაიღეს. „გოლფს“ რაც შეეხება მანქანას შუშა ჰქონდა ჩამტვრეული, კონკრეტულად რისი წაღება მოახერხეს მანქანიდან არ ვიცი“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს თვითმხილველმა.
გლდანში მომხდარი ქურდობის ფაქტი „პრესა.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ბოროტმოქმედებმა 2 მანქანა გაქურდეს.
„მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო“,- აცხადებენ შს სამინისტროში.
კითხვაზე ეკუთვნის თუ არა მერიას ერთ-ერთი ავტომობილი გომელაურის უწყებაში არ პასუხობენ.
„დამატებით დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც დაზარალებულებმა უსაყვედურეს. ისინი აცხადებდნენ, რომ გასულ წლებში ავტომობილებს არც კი კეტავდნენ.
"ძალიან გახშირდა ქურდობის ფატქები, ადრე მანქანას ღიას ვტოვებდით, ახლა ორი გასაღებით დაკეტილი მანქანა გაძარცვეს. თავს დაუცველად ვგრძნობთ",- მიმართა ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციის თანამშრომელს.