„ნასვამი პარლამენტარი მოქალაქეს დაეჯახა და მიიმალა“ - რა მოხდა ლანჩხუთში?

  13:18:20     01-04-2015

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჩხაიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში, ამავე სოფლის მკვიდრს, ზვიად ფუტკარაძეს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველთა განცხადებით, "ჰონდას" მარკის ავტომობილს, რომელიც მოქალაქეს  დაეჯახა, ნასვამი დეპუტატი მართავდა.

„პრესა.ჯი“ ინფორმაციის გადამოწმებას  თემურ ჩხაიძესთან დილიდან ცდილობს, თუმცა პარლამენტარი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ცნობილია, რომ ლანჩხუთში მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თუმცა „პრესა.ჯი“-ს კითხვაზე დაკავებულია ან ცნობილია თუ არა სამართალდამცავებისთვის „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლის ვინაობა, შს სამინისტროში არ პასუხობენ.

ცნობილია, რომ დაზარალებული გუშინვე  ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკაში მოათავსეს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს  კლინიკის მენეჯერის მოადგილემ, რევაზ კვერენჩხილაძემ განუცხადა, ფუტკარაძე უკვე საავადმყოფოდან გაწერილია.

მას ბარძაყის მიდამოებში დაზიანება აღენიშნებოდა.