ლალი მოროშკინა: ხარძიანის მკვლელმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა
12:06:32     31-03-2015
"ბესიკ ხარძიანისთვის თმის ღერის ჩამოვარდნაც კი არ შედიოდა ჩემი ძმის ინტერესში, არათუ მოკვლა,"- განაცხადა უდესიანის დამ ნატო უდესიანმა მკვლელობის დღეს. მეტიც, მისი თქმით, სამოქალაქო პირებმა მისი ძმის უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვიეს, რისთვისაც სასამართლოში წარსდგენა მოუწევთ.
ბესო ხარძიანის მეგობრი, ირაკლი კორძაია კი მომხდარს „ბესო ხარძიანის ერთადერთ მტერს, გიორგი უდესიანს“ უკავშირებს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება.
გიორგი უდესიანს მკვლელობაში ადანაშაულებს მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის და მაია ხარძიანიც. მკვლელობის მიზეზად კი "კუს ტბას" წართმევას ასახელებს.
ცნობისთვის, წინა ხელისუფლების დროს ბესო ხარძიანი კომპლექსის მფლობელი იყო, სანამ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის არ დააკავეს. მას ბრალად ედებოდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა-გასაღება.
ბესიკ ხარძიანმა ორი წელი გაატარა პატიმრობაში, საპატიმრო კი ახალი ხელისუფლების პირობებში დატოვა.
„პრესა.ჯი“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მრჩეველს, პიარტექნოლოგ ლალი მოროშკინას ესაუბრა. მოროშკინა გახშირებულ მკვლელობებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, უმრავლესობა ტრიფონიების პარტიად ჩამოყალიბდა.
ლალი მოროშკინა: როდესაც ქალაქში შეიარაღებული ბანდა დათარეშობს, ცხადია რომ ეს არის ხელისუფლების პასუხიმგებლობა. ძალიან გამაღიზიანა უმრავლესობის დეპუტატის, ვინმე ბუკიას შეფასებამაც, რომელმაც ტელეეთერით განაცხადა, რომ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მე მიმაჩნია, რომ პარლამენტი, რომელიც ვერაფერს ცვლის, უნდა წავიდეს. ქალაქში ბანდფორმირებები გაჩნდა. სახელმწიფო თუ არ დაემსგავსა სახელმწიფოს, ხვალ მივიღებთ ტეხასს. მაქვს ინფორმაცია, რომ მოქალაქეები ცდილობენ შეიარაღდნენ, რომ თავი დაიცვან, რადგან სახელმწიფო მათ ვერ იცავს.- ჰქონდა თუ არა კონტაქტი ხარძიანთან გია უდესიანს?
- მე ვიცი ის, რასაც ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რასაც ბესო მათთან საუბრობდა. რამდენიმე ხნის წინ უდესიანმა დარეკა ხაძიანთან და შემოუთვალა, მთავრობასთან ყველაფერი მოგვარებული მაქვს, მალე დავბრუნდები და „კუს ტაბაზე“ ფეხს ვერ დაადგამო.
- თქვენი აზრით, მკვლელობის კვალი უდესიანისკენ მიდის?
- არ შეიძლება, ხელის გაშვერა კონკრეტულ პირზე. მე არ მინდა ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო. რაც ზუსტად ვიცი, ის არის რომ ბესოს უდესიანთან სამართლებრივი დავა ჰქონდა. ჩვენ ვიცით რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როგორ ართმევდნენ ქონებას. ბესო არ უჩიოდა ჯგუფს, უჩიოდა კონკრეტულ ადამიანს. თუმცა აცხადებდა, რომ სამართლიანობას ვერ მიაღწია ამ ხელისუფლების დროს, სასამართლო პროცესები გადაიდო, სწორედ აქ ვხედავ მე გარიგების ფაქტს.
- „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა განცხადებით, გია უდესიანი ხელისუფლებას ბიზნეს ინტერესების გამო გაურიგდა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- წარმოუდგენელია, რომ რაღაცა საყრდენის გარეშე უდესიანს შეძლებოდა ხარძიანისთვის შემოეთვალა, რომ კუს ტბაზე ფეხს ვერ დაადგამდა. ის არცერთხელ დაუკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი ჯონი გიგანი, რომელსაც სუპერ-მარკეტების ქსელი წაართვეს, პირდაპირ აცხადებს, რომ უდესიანმა ესროლა. წინა ხელისუფლება ამ ფაქტს არ იძიებდა, მაგრამ იგივეს აკეთებს ახალიც. რაც გააფუჭა ნაცმოძრაობამ, ეს ყველამ ვიცი და წარსულია, ის რაც ხდება, ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას. არ შეიძლება ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკოსმა მუდმივად ხელი გაიშვიროს წარსულზე. მაშინ დასაჯე მათი წარმომადგენლები, მით უმეტეს სახელი და გვარებით იციან. ეს არის მთავრობი არაკომპეტენტურობის, ლაჩრობის ბრალი.
- სამართალდამცავთა რეაგირებას როგორ აფასებთ?- პირველივე დღეს ვთქვი, რომ სამართალდამცავებს საზღვარი უნდა ჩაეკეტათ. უნდა ჩატარებულიყო ყველა ღონისძიება იმისთვის, რომ მკვლელი ცხელ კვალზე დაეკავებინათ, რომ შემდეგაც დამკვეთზე გასულიყვნენ. ეს არ მოხდა, რის შედეგადაც, ჩემი ინფორმაციით, ხარძიანის მკვლელმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა.