ვინ წაუკიდა ცეცხლი სამგორის რაიონის გამგებელის ავტომანქანას?
11:30:52     25-03-2015
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამგორის რაიონის გამგებლის ავტომანქანის დაწვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. როგორც "პრესა.ჯი"-ს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის პირად ავტომანქანას, „ტოიოტას“ მარკის ჯიპს წუხელ უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს და ადგილიდან მიმალნენ.
ხანძრის ჩაქრობა მამუკა ჩოქურმა მეზობლების დახმარებით შეძლო. გამგებელი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
გამგებელი დამატებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
მომხდარს მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერი დავით ნარმანიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "გამოძიება საინტერესო შედეგს დადებს".
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინ ღამით მომხდარ ფაქტს, კერძოდ, სამგორის რაიონის გამგებლის პირად ავტომანქანას წაუკიდეს ცეცხლი. მიმდინარეობს გამოძიება. მე შეფასებისგან თავს შევიკავებ. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება საინტერესო შედეგს დადებს. თუმცა, როგორც ფაქტი, არის ძალიან მძიმე და რთული“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.