ანა კალანდაძის ნატიფი პოეზია

  17:09:01     11-03-2011

2008 წლის 11 მარტს გარდაიცვალა ანა კალანდაძე.

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და პუბლიცისტიკის დარგში სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, “საპატიო ნიშნის” ორი და ღირსების ორდენის კავალერი, ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია "საბას" მფლობელი...

 

ეს ყველაფერი ვერ გამოხატავს იმას, რაც იყო თანამედროვე ქართველობისთვის შესანიშნავი პოეტი ანა კალანდაძე.

 

ანა კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს სოფელ ხიდისთავში, გურიაში. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური ენების სპეციალობით. მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. იყო ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი და დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად. მისი მთელი ცხოვრება ქართული ენის მსახურება იყო (სამწუხაროდ დღეს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისია აღარ მოქმედებს).

 

ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაუწყია. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1946 წელს გაზეთ “ლიტერატურასა და ხელოვნებაში” და ჟურნალ “მნათობში”. ანა კალანდაძის ლექსების პირველი კრებული გამოვიდა 1953 წელს. კრებულმა პოპულარობა მოუტანა. შემდგომ წლებშიც ნაყოფიერად მუშაობდა და გამოსცემდა ლექსების კრებულებს, სხვადასხვა გამოცემებში ბეჭდავდა თავის ნაწარმოებებს. მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.

 

პოეტი ბელა ახმადულინა დიდი სითბოთი მოიხსენიებდა ჩვენს სათაყვანო პოეტ-ქალს: “70-იანი წლების დასაწყისში თბილისში სტუმრობისას ჩემი მასპინძლები ქართველი მწერლები და პოეტები იყვნენ. როდესაც პოეზიაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, ყველა ანა კალანდაძეს ახსენებდა. მისი რამდენიმე ლექსის რუსული თარგმანი წაკითხული მქონდა, რამაც ამ პოეტის შესახებ ძალიან თბილი შთაბეჭდილება დამიტოვა. ერთ-ერთ შეკრებაზე კი თავადაც მობრძანდა და რამდენიმე ლექსი წაიკითხა. ეს იყო დაუვიწყარი სიტყვები, ფრაზები, რითმები. თვითოეული ლექსი ჩემს წარმოსახვაში ულამაზეც ნახატებად იშლებოდა. მოგვიანებით მომეცა საშუალება ანას ლექსები რუსულად მეთარგმნა, კრებული გამოიცა და უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. თარგმნისას კი ჩემს სამუშაო ოთახში საქართველოს მშვენიერი ბუნება იშლებოდა და თითქოს იმ ისტორიულ ადამიანებსაც ვხედავდი, რომლებზეც ანა კალანდაძე წერდა”.

 

გარდა ორიგინალური ნაწარმოებებისა, უნდა აღინიშნოს ანა კალანდაძის მიერ ალექსანდრე პუშკინის, სტეფან მალარმესა და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები. ანა კალანდაძე აქვეყნებდა ესეებს, წერილებს. წერდა მოგონებებს.  

 

ანა კალანდაძის მუსიკალურმა პოეზიამ თავიდანვე დიდი ყურადღება მიიპყრო მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებისა. არა ერთმა კომპოზიტორმა დაწერა სიმღერა მის ლექსებზე (მერი დავითაშვილი და თეიმურაზ ნაცვლიშვილი, გივი ციციშვილი, ტარიელ ბაქრაძე, ჯემალ ბეგლარიშვილი, კახა ცაბაძე). ამ სიმღერებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ხალხში. კომპოზიტორმა ნოდარ მამისაშვილმა ანა კალანდაძის ლექსის ტექსტზე შექმნა თავისი მეოთხე სიმფონია, განკუთვნილი სოპრანოს, ტენორისა და ფორტეპიანოსათვის.

 

ანა კალანდაძის პოეზია ძალიან უშუალოა და გამოირჩევა სინატიფითა და სინაზით. განსაკუთრებულია მისი ლირიზმი, ფრაზის სიფაქიზე, სილამაზე და თუ შეიძლება ითქვას, ხშირად ბავშვურობაც კი, რითმის უჩვეულობა და უბრალოება, ძველი და თანამედროვე ლექსიკის შერწყმა.

 

ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,

ლამის თავზე გადამისვას ხელი. . .

დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ

ხე მაღალი, ხე ზურმუხტის ფერი. . .

რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა?

რა ჩურჩული?.. დამდაგველი, მწველი. . .

ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,

ლამის წელზე შემომხვიოს ხელი. . .