ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

  21:27:19     04-03-2015

აქციის “შემოულაწუნე” მონაწილემ სააგენტო “ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ირაკლი გედენიძეს “ვარდების რევოლუციის“ მოედანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა დაუზიანა.

ფოტოკორესპონდენტის მეუღლის, ნათია გედენიძის განუცხადებით, ირაკლი გედენიძე “ვარდების რევოლუციის“ მოედანზე მიმდინარე აქციას აშუქებდა, რა დროსაც მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მასალის წაშლა მოსთხოვა, ფოტოკამერა დაუზიანა, ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ირაკლი გედენიძეს თავის არეში დაზიანებები აქვს მიღებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის მორიგე ექიმ ილია ოქროჯანაშვილის განცხადებით, დაშავებულს  თავის, ხერხემლისა და კისრის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. 

"ამ ეტაპზე ძლიერი დაზიანება არ არის აღმოჩენილი",- თქვა მან.


სამართლებრივ მხარეს, რაც შეეხება, როგორც "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში განუცხადეს, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.