ეკა კსესიტაძე: ახლა დამირეკა ლავას-ოღლიმ და დამემუქრა
11:37:18     25-02-2015
"განსხვავებული აქცენტების" წამყვანის ეკა კვესიტაძის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც მას ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე დაემუქრა , შს სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 151-ე მუხლით აღძრა, რაც მუქარას ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის დეპარტამენტის, კრიმინალურ ავტორიტეტებთან ბრძოლის განყოფილება აწარმოებს.
ცნობისთვის, ეკა კვესიტაძემ, გუშინ facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ მას კანონიერმა ქურდმა ლავას-ოღლიმ დაურეკა და დაემუქრა.
"მოგმართავთ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ახლა დამირეკა კანონიერმა ქურდმა, მინდია გორაძემ, იგივე ლავას-ოღლიმ ტელეფონის ნომრიდან +372 81 652097 და დამემუქრა. იმედია სათანადო ზომებს მიიღებთ, ლავას-ოღლის ადგილმდებარეობას დაადგენთ და მის ექსტრადიციას მოითხოვთ", - აცხადებს კვესიტაძე.
აღნიშნული თემის კომენტირებისას ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დასადგენია, მართლაც დაურეკა თუ არა კვესიტაძეს კანონიერმა ქურდმა.
"მე ვფიქრობ, რომ უნდა დადგინდეს, ნამდვილად ვინ დაურეკა ქალბატონ ეკას. ამისათვის კი საჭიროა, რომ დაიწყოს გამოძიება. შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ძალიან კარგი, თუ საქმის კურსში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნებისმიერ ერთ ადამიანს შეუძლია, დაურეკოს მეორეს ვინმეს სახელით,"- განაცხადა ვიცეპრემიერმა.